Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვაჩე რაინდელი: “პატიებას ვითხოვ!”

26 აგვისტო, 2018

ვაჩე რაინდელი: “პატიებას ვითხოვ!”-ვინც იყო ნაღდი, სულით ქართველი, თითქმის ყოველის გული გავგლიჯეთ, – ამბობს პოეტი ილია ჭკადუა, იგივე ვაჩე რაინდელი და თავისი გულიდან ამოსული ლექსისთვის პატიებას ითხოვს:

“პატიებას ვითხოვ კიდევ ამ ლექსისათვის.

„მე“ – საქართველო – თუ სხვა საქართველო?

ხომ არ გაგყიდეს შენ, მეგობარო,
ხომ არ შებღალეს სულის ნაღარა?
რაღაც ვერა გცნობ, ჩემო სწორფერო,
შემოგპარვია თმაში ჭაღარა!
თვალებს რა უცხო კაეშანს ვამჩნევ,
ეს რა მტანჯველმა სენმა დაგბანა?
სიტყვა წაგიხდა, ვერაფერს ამხელ,
ქართულ ღირსებას ღალატობ განა?!
გული გონების წინ მავალია,
სინდისი არსის ყაირათია,
იქნებ გატეხო დარდის გალია,
მოგეშვება და შეღავათია.
იტირე მაინც, იქნებ მოგეშვას,
კარი გაუხსენ ჭრილობებს დარდის,
უქნარა „ჟანგი“ აწყვიტე ეჟვანს,
თითქოს მდინარე გადმოდის ნაპირს.
დუმს აკლდამებში ფიქრი ჭაღარა,
დუმს და დუმილში მძიმე ქარია,
სადღაც ბოგინობს უკუნის ხანა,
სმენა არსმენას დაუზაფრია.
ქაოსს მოუცავს მთელი არსება,
მეტად ღრმა არის ცხოვრება კაცის
და თუ წასვლაა აქ გამართლება
მეორედ მოსვლა რას აძლევს საზრის?!
შევცქერი აწმყოს – წარსულის ნაღვაწს,
თან დამდევს შიში ქვეყნის დაკარგვის
და როს უკვდება წყურვილი ნარგავს,
რჩება ფესვები, მშრალი ნაპრალის.
ვინც იყო ნაღდი, სულით ქართველი,
თითქმის ყოველის გული გავგლიჯეთ,
ახლა კი ვყვირით: სად არს საშველი,
ახლა კი ვტირით: საით წავიდეთ?
ვისწავლეთ მტრობა, შური ძაღლური,
ვასწავლეთ ერთურთს გაუტანლობა,
გულგრილად ვცოცხლობთ, გმინავს წარსული
და აწმყოს დიდი უსამართლობა.
ფულის გულისთვის ძმებს განვუდექით,
ძალაუფლების სისხლი ვიგემეთ,
რამდენი ცრემლი, განადგურებით,
ბავშვის თვალებში გავაციმბირეთ!
მირბიან დღენი, მიქრიან წლები,
ჩვენ უფრო მალე ვკვდებით და ვქრებით,
„ჭამით და ძილით“, ვერაფერს ვრჩებით,
თავს ვეღარ ვშველით და ვეტირებით.
როს ბნელი გელტვის, გულს უნდობლობა,
უფრორე მეტად შორდები უფალს
და როცა ლოცვას აღავლენ შობას,
ტაძრიდან გახვალ, გულს ისევ უკლავ.
ხარ ჭირისუფლის ბედით დამწვარი,
შენს წასვლას ბოლო ხალვად მოება,
გრჩება ბედკრული გრძნობის ნამწვავი
და უცხოვრობის ამაოება.
შენ კვლავ ეჩვევი ცარიელ თვალებს,
აღარ გაწუხებს გმინვა ყურებში,
დაკოჟრილ ხელებს სითბოს აქვავებ,
თუმც აზრებს იწრთობ გველის უბეში.
როგორ გაბედეთ, ფეხზე შემდექით,
რატომ მიყვირი, მაინც ვერ მმართავ,
ჰეი, სამშობლო, იყავ დღეგრძელი…
ჩემო სამშობლო, რა დაგემართა?!
დედად რქმეულო, შვილისა მკვლელო,
რად გინდა სუნთქვა მშობლიურ მიწის,
შენ, კაცო, ფულით ფულზე მლოცველო,
რად არ მოახმარ ქვეყანას, იწვის!…
რაღა მოვთვალო, რამდენი დამრჩა,
სათქმელი ჩემი ბნელეთში გაცვდა,
ვის ვუერთგულოთ, ვინმე გადარჩა?
მას ვუერთგულოთ, ვინც დაგვიცავდა!
ავიკრა უნდა ნაბად-ხანჯალი,
ერთ გუნდად შევკრა მე საქართველო,
წავიღო მწვერვალთ, დავფლა ნაპრალში,
ავ ყოფის შემდგომ, კვლავ გავაცოცხლო.
იქნებ ეღირსოს სულიერ საზრდოს,
კვლავ ამოლესვა წარსულ ფესვიდან,
იქნებ ხელახლა, კვლავ დაიბადოს,
ცოტნე, დავითი, მსგავსნი ერიდან.
იქნებ დიდ შოთამ სიტყვა წარმოთქვას,
იქნებ შავლეგოს სისხლმა იყივლოს,
იმ ნანატრ ბერის სიტყვა გამართლდეს,
მიწას შერჩენილთ გამოგვეღვიძოს.
ცხოვრება მუდამ განსაცდელს გვივლენს,
მუდამ ბრძოლებში რჩება ნათელი
და კვლავ უკუნეთს აღანთებს ცისკენ,
ჯებირს გადმომსკდარ გრძნობის სანთელი.
რწმენის მარცვალი გრძნობაში ჩნდება,
გულების მიღმა ღვივის კანდელი,
დროა გავფანტოთ სიმრუდე ყველა
და შევსისხლხორცდეთ ივერთ სარკმელში.
ჩემო ს……ო რა დაგემართა?”