Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უცნობი ინგლისური წყაროები საქართველოს შესახებ

6 აგვისტო, 2018

უცნობი ინგლისური წყაროები საქართველოს შესახებ საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა. ორწლიანი პროექტი სახელწოდებით „უცნობი ინგლისური ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ“ ევროპის უდიდეს წიგნთსაცავებსა და არქივებში ჩვენი ქვეყნის შესახებ ნაკლებად ცნობილი, ან დღემდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი დოკუმენტების გამოქვეყნებასა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანას ისახავს მიზნად.

ფონდის თანადგომით უკვე განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები:

მუზეუმში ირლანდიის ეროვნული არქივიდან ჩამოტანილია ინგლისის მეფეთა საიდუმლო კანცელარიის ის დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ეხება.

მოხდა იმ ძვირფასი ხელნაწერებისა და მინიატურების ციფრული ბაზის შექმნა, რომლებიც შუა საუკუნეების ევროპაში კოლხეთის ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავს.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ე.წ დადიანთა არქივის ბეჭდური ასლების გადმოტანაც. საქართველოში ჩამოვა ასევე XVI-XVII საუკუნეების უცნობი თეატრალური პიესები, რომლებიც ქართლ-კახეთის მონარქთა თავგადასავალს გვიყვება.

500-ზე მეტი ძვირფასი დოკუმენტი ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ითარგმნება, ქრონოლოგიურად დახარისხდება და წიგნად გამოიცემა.

ასევე ჩატარდება საჯარო ლექციების კურსი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აუდიტორიებში, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სდასუ-ს პროფესორი გიორგი კალანდია. სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული არიან: თსუ დოქტორორანტი, ხელოვნებათმცოდნე ირინე საგანელიძე. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი თაკო თოლორდავა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი მერი ხარაიშვილი, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მაგისტრი თორნიკე კოპლატაძე. პროექტის სამეცნიერო კონსულტანტია ოქსფორდის უნივერსიტეტის – ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსი, პროფესორი ჯილიან ევისონი. პროექტის ტექნიკური მენეჯერი ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი ზამბახიძე.