Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უპრეცედენტო აქცია ფესტივალზე “ღამის სერენადები”

13 აგვისტო, 2018

"ღამის სერენადები" 10 წლისაალიანა ისაკაძის მიერ დაარსებულმა საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა “ღამის სერენადები” მელომანებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა.

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ბათუმის სამივე კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენისას მაყურებელი 25-დან 33-%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

აქციის დასრულებამდე ერთი კვირა დარჩა და ის A და B კატეგოორიის ბილეთებზე ვრცელდება.

X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26, 28 და 29 აგვისტოს, ბათუმში სასტუმრო “შერატონის” საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

2 და 4 სექტემბერს კი თბილისში გადმოინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

“ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა ისაკაძე და გიორგი ისაკაძე.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰ. ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო)…

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

– ფესტივალი ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ სხვადასხვა სიახლეები შემოეტანა, ყოფილიყო განსხვავებული, საინტერესო და მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამით. წელს ფესტივალზე შესრულდება კლასიკა, ასევე იქნება როგორც რომანტიკის, ასევე ტანგოს ხიბლიც.

მეათე საიუბილეო ფესტივალზე მოვიწვიეთ ქართველი ემიგრანტები. ორკესტრიც ისე შევკრიბეთ, რომ მასში გაერთიანდნენ უცხოეთში მცხოვრები და მოღვაწე ძალიან ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა ვირტუოზი მუსიკოსები, ამიტომ წელს ორკესტრს ჰქვია “საქართველოს ვირტუოზები”. ამით საქართველოდან წასული მუსიკოსების კავშირი კიდევ უფრო გააქტიურდება.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წელს ფესტივალს გაუძღვება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი სასიქადულო დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ძალიან საინტერესო პროგრამით. იგი შეასრულებს გენიალური მამის ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებებს.

მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ჩამოვა ერთ-ერთი ძალიან დიდი მუსიკალური დინასტრის გამგრძელებელი გია იაშვილი. აქ იქნება ტანგოს პროგრამაც და ოპერული არიების არანჟირებაც ვიოლინოსთვის.

და რა თქმა უნდა, ჩვენი ფესტივალის მონაწილეა შესანიშნავი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. იგი დაუკრავს გალინა უსტვოლსკაიას საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც საქართველოში პირველად შესრულდება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წელს უარი ვთქვით უცხოელ ვარსკვლავებზე. მხოლოდ გეზა ლეგოცკი რომ დავასახელო, ესეც საკმარისია. მას უცხოეთში ვიოლინოს ჯადოსანს უწოდებენ, ან ბანდონეონისტი პიეტროდარჩი. ასე რომ, წელს ფესტივალზე ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი შეიკრიბება.

საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში 3 კონცერტი ჩატარდება ბათუმში, 2 დასკვნითი კონცერტი კი თბილისში გაიმართება.

გია იაშვილი, მევიოლინე:

– ალბათ ხალხი ადარებს ერთ ოჯახის წევრს მეორეს – მარინე იაშვილი, ნანა იაშვილი, ირინე იაშვილი – ყველა სახალხო არტისტები, ჩემი დეიდაშვილი მანანა დუგლაძე – ყველა მევიოლინეები… ახლა მე გამოვდივარ და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ჩემი ოჯახის სახელი წარმოვადგინო სამშობლოში. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კონცერტი მექნება ამ ფესტივალზე და სულ სხვადასხვანაირ მუსიკას შევასრულებ.

გამიხარდა, რომ წელს ამ ფესტივალში მონაწილეობს ძალიან ცნობილი მევიოლინე გეზა ჰოსზუ და ის თანახმა იყო, ჩემთან ერთად დაეკრა. მესამე კონცერტი ბათუმში იქნება ტანგოს პროგრამა. ჩემი სურვილი იყო საქართველოში დამეკრა ჩემი საყვარელი მუსიკა და ამისთვის ჩამომყავს ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი და გიტარისტი სოფია ბოროსი ავსტრიიდან.