27 აგვისტო, 2018

შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის სცენაზე

შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის სცენაზე მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე პირველად შეასრულებს გია ყანჩელის შედევრს STYX.

13 ოქტომბერს ფრანკფურტში კონცერტი გაიმართება, სადაც სცენაზე ერთდროულად 200-მდე საუკეთესო ქართველი მუსიკოსი იდგება!

თეონა ჯორბენაძე:

“ბევრი მოტივია იმისთვის, რომ ამ საღამომ ისტორიული მნიშვნელობა შეიძინოს, თუნდაც ის, რომ ამ სახით ვერასდროს განმეორდება და სცენაზე 200-მდე საუკეთესო ქართველი მუსიკოსი იდგება!

13 ოქტომბერს შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე პირველად შეასრულებს გია ყანჩელის შედევრს STYX, თანაც სრული შემადგენლობით: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი!
გორის ქალთა კამერული გუნდი! (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა)
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი! ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი)

ჰამბურგის Elbphilharmonie-ში 2 აპრილს გამართული ძალიან წარმატებული პრემიერის შემდეგ, მიხარია რომ ამჯერად, ალტე ოპერა უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“. (ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწამოებია, იმდენად, რომ დღიური-ფილმიც კი მივუძღვენი.)

შესრულდება ბიძინა კვერნაძის შედევრი ცეკვა-ფანტაზია, ალექსი მაჭავარიანის – სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“, ზვიად ბოლქვაძის – „ათოვლილი სავანე“ და „ზმანება“ და იოსებ კეჭაყმაძის – „მამაო ჩვენო“ და „ლაშარის გზაზე“.