3 აგვისტო, 2018

ოთარ ჭილაძე: “ყველაზე თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც სიყვარულის უღელი ადგას”

ოთარ ჭილაძე: "ყველაზე თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც სიყვარულის უღელი ადგას"ასე მიაჩნია მწერალსა და პოეტს ოთარ ჭილაძეს და თავის მოსაზრებას დეტალურად განმარტავს:

“ვიღაცას უთქვამს: ქალები ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა შეისწავლო ისინიო. მე მგონი, ეს უფრო ლამაზი ნათქვამია, ვიდრე ჭეშმარიტება.

სიყვარული უკვე სწავლაა, ოღონდ არამარტო ქალისა, რაც თავისთავად უაღრესად რთული და მნიშვნელოვანი ამბავია, არამედ ყველაფრისა, რაც ჩვენი ადამიანობის დონესა და ხარისხს განაპირობებს, სამშობლო იქნება ეს, ბუნება, კულტურა, ისტორია თუ საკუთარი თავი – მოკლედ, ყველაფერი დიადი და მარადიული, რაც ღმერთს მოუცია და ადამიანს შეუთვისებია.

მეც მთელი ჩემი შეგნებით ვაცხადებ, რომ ვიყავი, ვარ და დავრჩები ყურმოჭრილი მსახური სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინებისა. ამავე დროს, ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ სიყვარულსაც ისევე უნდა შველა დღეს, როგორც დაბინძურებულ ზღვებსა და ოკეანეებს. არადა, ზღვებსა და ოკეანეებს კი არა, ერთ საცოდავ ბეღურასაც ვერ გადავარჩენთ, თუკი გული პირამდე სავსე არ გვექნება სიყვარულით.

ტყუილად კი არ არის ნათქვამი: “სიყვარული აღგვამაღლებსო” – ყველაზე თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც სიყვარულის უღელი ადგას, ვინც სიყვარულს ნებაყოფლობით ემონება.

ამიტომ, ჩემი რწმენით, ნებისმიერი, თუნდაც სულ უმნიშვნელო სიყვარულის ჩაკვლა, უარყოფა ანდა დათრგუნვა, არამარტო კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი კაცობრიობის, მთელი სამყაროს აბუჩად აგდებაა.”