2 აგვისტო, 2018

ილია ჭავჭავაძე: “თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია?”

ილია ჭავჭავაძე: "თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია?"ილია ჭავჭავაძე ქართველების სიმართლის სარკეში ყურებას აიძულებდა და სწორედ ამისთვის აითვალწუნეს ზოგზოგიერთებმა და სიცოცხლესაც გამოასალმეს.

“არტინფო” გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ჩანაწერს, რომელიც ისტორიას და მის მნიშვნელობას ეხება:

“რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.

უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი.

დავიწყება ამათი – საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინა. ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლეობის აწყვისათვის.

თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს.

ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.”