9 აგვისტო, 2018

დათა თავაძე ბერლინის გორკის თეატრში პრემიერით

დათა თავაძე ბერლინის გორკის თეატრში პრემიერითრეჟისორი დათა თავაძე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და სპექტაკლები მისი რეჟისურით ევროპაში წარმატებით იდგმება.

შემოდგომაზე ახალგაზრდა რეჟისორს ბერლინის გორკის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა ექნება.

დათა თავაძე:

“ერთი:

როგორც კი “ტროელი ქალების” დადგმა დავამთავრეთ, მაშინვე გადავწყვიტე, ომის შემდგომ პერიოდზე დამედგა რამე. კაცებზე. თითქმის მთლიანად მოფიქრებული მქონდა, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე. ძალა აღარ მეყო. 2008 წლის ომიდან 5 წელი დაგვჭირდა მე და დათოს, რომ ომის თემაზე გამჩენის გინებიდან საქმიან ლაპარაკზე გადავსულიყავით – აუცილებელი იყო დისტანცირება. საკუთარი, პირადი ტკივილისგან, თუ უსამართლობის შეგრძნებისგან, შიშისგან, სამუდამოდ დაკარგული ნათესავებისგან, თუ სამუდამოდ დალეწილი მეგობრებისგან.

ცოტა ხნით უნდა “წავსულიყავით”

ხუთი წლის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა, თუმცა ვფიქრობ, ძალაუნებურად ისედაც სულ ვმუშაობდით, (მაგალითად, “დედაომი” ამ ფიქრის დროს დავწერე)

მერე გვეგონა, “მზად ვიყავით”, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით წინ რა შეხვედრები, რა ადამიანები, რა ამბები გველოდა.

და აჰა, კიდევ ერთი ხუთი წლის შემდეგ, ანუ აგვისტოს ომიდან – ათი წლის და პირველი მსოფლიო ომიდან 100 წლის თავზე – ისევ მეგონა, “მზად ვიყავი” ახალი შეხვედრებისთვის, ახალი ადამიანებისთვის, ახალი დოკომენტური მასალისთვის, რომელიც ომის შემდგომ პერიოდზე მოგვიყვებოდა… ომგამოვლილი კაცების რეალური მონათხრობი მათ დღევანდელ ცხოვრებაზე.

2018 წლის თებერვალში და ივნისში, ჩავწერე ხუთი ინტერვიუ აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ვეტერანებთან და მათ შვილებთან (ბიჭებთან).

ესაა ტექსტი ომზე, კაცებზე და ღამის ცხოვრებაზე…

ორი:

ბევრს არაფერს არ ვითხოვ, ამიტომ, ძირითადად ნორმალურ ხასიათზე ვარ. მაგრამ, ბელინის გორკის თეატრში დადგმა რომ შემომთავაზეს, განსაკუთრებით გამიხარდა. ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მაშინ მივხვდი, რომ თურმე ძალიან დიდი ხანია ვოცნებობ ამაზე. ეს არის თეატრი, რომლის სარეპერტუარო პოლიტიკა, აფიშა, მუშაობის პრინციპები, აქტივიზმი, პასუხისმგებლობის შეგრძნება, გნებავთ, მარკეტინგიც კი უკვე ხელოვნებაა. სულ არ არის აუცილებელი მათი სპექტაკლების ნახვა – თუმცა, გულით გირჩევთ! – საკმარისია თვალი გადაავლო მათ პროგრამას, რომ უკვე მკაფიო სათქმელს, პოლიტიკურ პოზიციას, თუ ესთეტიკურ საზომს ხედავ…

ჰოდა, რომ შევაჯამო:

მიმდინარე წლის 16, 18 და 21 ოქტომბერს ბერლინის გორკის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა მექნება…

***

– და შენ ნახავ, რომ იქ,

დილას,

ღია ცის ქვეშ,

ბალახზე დახოცილ მოცეკვავეებს სძინავთ.

– და რად უნდა თქმა, რომ ეს სურათი საშინლად ჰგავს ბრძოლის ველს გარიჟრაჟზე.”