28 აგვისტო, 2018

ბელა მირიანაშვილის ცხოვრება პატარა უფლისწულივით წამიერ გაელვებას ჰგავდა

ბელა მირიანაშვილის ცხოვრება პატარა უფლისწულივით წამიერ გაელვებას ჰგავდამსახიობ ბელა მირიანაშვილის შვილი ირაკლი კავსაზე ამერიკაში ცხოვრობს. დედას 80 წლის იუბილეზე მისთვის სპექტაკლის მიძღვნა გადაწყვიტა:

“გილოცავთ მარიამობას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
2018 წელს დედას 80 წელი შეუსრულდებოდა!
მან კი 26 წლის წინ 1992 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დროს დაგვტოვა და წავიდა ამ ქვეყნიდან, 54 წლის ასაკში.

მისი ცხოვრება და მისი მოღვაწეობა, პატარა უფლისწულივით წამიერ გაელვებას ჰგავდა, რომელიც ამავე დროს მდიდარი და მრავალფეროვანი იყო!

იყო გაჭირვება, იყო ბედნიერება, იყო ხალისი, იყო წარმატება, იყო სიყვარული, იყო ხალხმრავლობა მის გარშემო და იყო ღიმილიანი ტრაგედია, ტრაგედია რომელსაც არასდროს, არავის აგრძნობინებდა.

მე მაშინ 23 წლის გავხდი, როდესაც საბოლოოდ დატოვა მან თავის სახლი და დროთა განმავლობაში მიმძაფრდებოდა შეგრძნება, რომ თითქოს რაღაცა დავაკელი, თითქოს ვერ მოვასწარი იმის თქმა, რაც მიმდოდა რომ მეთქვა, თითქოს ვერ გავძეხი მისი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც პატარა უფლისწულივით ფაქიზი და ნაზია! მისი მოგონება ყოველთვის პატარა უფლისწულს მაგონებს, უფლისწულს, რომელიც მას შესრულებული აქვს რუსთაველის თეატრში.

ჩემს ცხოვრებაში მისი ღვაწლი ძალიან დიდია, მან სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირა ჩემთვის და მეც ყოველთვის მსურდა მისთვის მადლობა გადამეხადა, რაღაც ფორმით მაინც.

დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვფიქრობდი მასზე და გადავწყვიტე დამედგა სპექტაკლი, “პატარა უფლისწული”.

ინსპირაცია ამ სპექტაკლის განხორციელების გახლდათ, ბელას შვილთაშვილი, ჩემი სეხნია, ირაკლი (იკო) დუმბაძე, რომელმაც შეასრულა კიდეც პატარა უფლისწული!

მე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს დიმა ხვთისიაშვილს, რომელიც დიდი სიხარულით დამიდგა გვერდით ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში!
მინდა მადლობა გადავუხადო მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასს, რომელმაც ამ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, განურჩევლად ყველას!
მადლობა კომმპოზიტორ კოკი ლორთქიფანიძეს, რომლის მუსიკამაც ასე დაამშვენა სპექტაკლი!
მადლობა თამრიკო ჭოხონელიძეს და კოკო როინიშვილს, რომლებმაც ძალიან მდიდარი მარცვალი ჩადეს სპექტაკლის მუსიკალურ სამყაროში!
მადლობა ჩემს მეგობარს ანდრო დგებუაძეს, მასთან შეხვედრები და საუბრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო!
მადლობა ჩვენს ქორეოგრაფს მურო გაგოშიძეს და მის ასისტენტს ნიკა ნანიტაშვილს, (რომელიც აგრეთვე მთავარ როლს ასრულებს), რომლებმაც საოცარი შრომა ჩადეს!
მადლობა დათო მაჭავარიანს, რომელიც ძალიან კრიტიკულ მომენტში გვერდით დამიდგა და უმძიმესი სამუშაო რამოდენიმე დღეში შეასრულა!
უღრმესი მადლობა ბელას მეგობარს და მისთვის ძვირფას ადამიანს, გენიალურ ბ-ნ გოგი ალექსი-მესხიშვილს, რომელმაც ძალიან ფერადი სამყარო შექმნა, მის ყოველ რჩევას ჩემთვის ოქროს წონა ჰქონდა, რომელსაც მისივე ასისტენტი ნუცა ჭყონია ავსებდა და ალამაზებდა!

და ბოლოს; დიდი მადლობა მამაჩემს, კახის, რომელიც დამთანხმდა სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება და აგრეთვე დიდი გამოწვევაც გახლდათ!
მე ყველას მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ჩემი ოცნების განხორციელებაში, მთელი გულით გვერდში მედგნენ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, რომ ჩემი ჩანაფიქრი ბოლომდე მიმეყვანა!

2018 წელს ბელას 80 წელი შეუსრულდებოდა და ეს სპექტაკლიც მას მივუძღვენი!
მაგრამ ის ყოველთვის ახალგაზრდა დარჩება ჩემს მეხსიერებაში, ბრძენი და ამავე დროს ნორჩი, როგორც პატარა უფლისწული, რომელსაც სულ ვარსკვლავებში ვეძებ…
დიდი მადლობა დედა!”