19 აგვისტო, 2018

“ანბანი როგორც ისტორია” – ქართული ანბანის გამოფენა ოფენბახის მუზეუმში 

"ანბანი როგორც ისტორია" - ქართული ანბანის გამოფენა ოფენბახის მუზეუმში 4 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ოფენბახის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
სპეციალურად ამ გამოფენისთვის ხელოვნების სასახლემ 300-გვერდიანი კატალოგი “ანბანი როგორც ისტორია” გამოსცა. ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი.
ქართულ-ინგლისური კატალოგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და წიგნის ეროვული ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. კატალოგი უნიკალურ ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს. წიგნი ოფენბახის შრიფტის მუზეუმში, ქართული დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენის „თბილისი ჩემს ფიქრებში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც თავის მხრივ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციას ეძღვნება.
გამოცემაში ბევრი ნიმუში პირველად დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად იგი გამოფენის გზამკვლევად მოიაზრებოდა, შედეგად კი, ქართული ანბანისა და ქართული კულტურის ილუსტრირებულ სამეცნიერო ნაშრომად იქცა.
წიგნში მკითხველი გაეცნობა ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნებამდე, იხილავს ყველა ეპოქისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, თვალს გადაავლებს ქართული წიგნისა თუ პერიოდიკის ბეჭდვის ისტორიას, გაეცნობა ქართული შრიფტის კორიფეთა ნაშრომებსა და თანამედროვეთა მიღწევებს.