21 აგვისტო, 2018

ალექსანდრე კორსანტია: “მობრძანდით და მოგვისმინეთ”

ალექსანდრე კორსანტია: "მობრძანდით და მოგვისმინეთ"მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადების” სტუმარია.

4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში პიანისტი საქართველოში პრემიერას დაუკრავს – გალინა უსტვოლსკაიას საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

ალექსანდრე კორსანტია, პიანისტი:

– ლიანა ისაკაძის ფესტივალი უმნიშნველოვანესია. მართლა არიან ასეთი ადამიანები და ძალიან ცოტანი არიან, რომ თავის პატარა ლოკალურ კულტურაში ტოვებენ უზარმაზარ ენერგეტიკას. მაგრამ ამავე დროს, უცხოეთში, მთელ დიდ სამყაროში ქმნიან თავის პატარა გულშემატკივრების კლუბს. ლიანა არის ასეთი მუდმივი უკვდავი ადამიანი, ის უზარმაზარი არტისტია.

წელს ფესტივალზე “ღამის სერენადები” ბევრი წლების შემდეგ ჩვენ პირველად გამოვალთ და დავუკრავთ ჩემს მეგობართან და ნათესავთან ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად. დიდი დრო გავიდა, შეიძლება 30, თუ მეტი არა, რაც ჩვენ ბოლოჯერ ერთად დავუკარით, ახლა საინტერესო კომბინაცია იქნება – ნათესაობის, ახალი მუსიკის, ექსპერიმენტის და ექსპრესიის.

რამდენიმე დღის წინ დავესწარი კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, სადაც შესრულდა ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი, ეს ნაწარმოები შედევრია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გენიალურ ნაწარმოებს არ სჭირდება აუიცილებლად გენიალური სოლისტი, თუმცა თავის დროზე კი დასჭირდა ლიანა ისაკაძის გენიოსობა. ამან ნამდვილად უძლიერესი ტანდემი შექმნა. იმ კონცერტზე სულ ლიანაზე ვფიქრობდი.

ქალბატონი ლიანა ისაკაძე და მისი არაჩვეულებრივი უკვდავი, ღრმად ემოციური წვლილი, რაც მან შეიტანა საერთაშორისო და ქართულ კულტურაში, არის განუმეორებელი. მიხარია ძალიან, რომ მისი სახელის ჩრდილში გამოვალ ამ მშვენიერ ფესტივალზე. კარგი და საინტერესო მუსიკა შესრულდება, იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა აჟღერდება. ის ნამდვილად არის ერთ-ერთი წამყვანი ცოცხალი კომპოზიტორი მსოფლიოში და დიდი პოპულარობაც. მიხარია, რომ მის ახალ ნაწარმოებებს მოვისმენ.

მიხარია, რომ თანამედროვე მუსიკა – XX საუკუნის არაპოპულარული და უცნობი მუსიკა აინტერესებს ქართველებს და საქართველოს. მახარებს ის ფაქტი, რომ გალინა უსტვოლსკაიას საფორტეპიანო კონცერტის პრემიერას საქართველოში მე დავუკრავ, რაც მთავარია, ღრმა ინტერესი აქვს ამ მოვლენას.
მუსიკოსები კარგად იცნობენ მარია იუდინას – ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისო სოლისტს ისტორიაში, რომელსაც არავისი არ ეშინოდა, არც სტალინის, არც რეჟიმის, არც ეხებოდა და არც იცოდა. მხოლოდ ჰქონდა თავისი იდეა და ამ იდეის უკომპრომისო განხორციელებაზე ფიქრობდა.

კომპოზიტორებში ზუსტად ასეთი იყო გალინა უსტვოლსკაია, გრძელი ცხოვრება ჰქონდა, უამრავი ნაწარმოებები დატოვა, მათ შორის ეს კონცერტი, რომელიც 1946 წელს დაწერა. ამ ნაწარმოებს ერთადერთი აზრი აქვს – ღმერთს გააგებინოს ეს მასალა. ეს არის ყვირილი დიდ სამყაროში. მოგვისმინეთ, ჩვენ აქ ვართ, ცუდია აქ ცხოვრება, ძალიან ტრაგიკულია, მოგვისმინე, მოგვეფერე. მან არც არაფერი იცოდა და არც ესმოდა სხვა ფასეულობები ხელოვნებისა, მხოლოდ მუსიკის წერა სურდა. ასეთი საინტერესო ნაწარმოებია და ძალიან ვამაყობ, რომ შესრულების დიდი ნაწილში ვიქნები როგორც სოლისტი.
კონცერტი 4 სექტემბერს ჩატარდება თბილისის კონსერვატორიაში. იმედია, ინტერესი იქნება და არა მარტო დარბაზი აივსება, არამედ გაიჟღერებს ეს მუსიკა ისე, როგორც იმსახურებს.

ჩემი რჩევა ქართველი მსმენელისთვის – გამორთეთ თქვენი მობილური ტელეფონები, ეს ხუმრობადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ჭეშმარიტებაა. ხალხს ალბათ უკვირს, რატომ ითხოვენ მათგან ტელეფონების გამორთვას. იმიტომ, რომ იმდენად ღრმად, დეტალურად და დახვეწილად ვცდილობთ მოვემზადოთ ყოველი გამოსვლისთვის, რომ ყოველი არამუსიკალური შეტევა ჩვენთვის არის აგრესია. ამიტომ გვინდა ამ საკითხს მიექცეს ყურადღება.

ასე რომ, ყველას ველით ფესტივალზე “ღამის სერენადები” – მობრძანდით და მოგვისმინეთ.