3 აგვისტო, 2018

84 წლის ანა ბექაური – გასაოცარი ფარდაგების მქსოველი

84 წლის ანა ბექაური - გასაოცარი ფარდაგების მქსოველიმაშინ, როცა ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელსაქმე – ფარდაგებისა და ხურჯინების ქსოვა – დავიწყებას ეძლევა, ხადას ხეობაში მცხოვრები ანა (ანიჩკა) ბექაური ამ საქმეს ერთგულად ემსახურება.

პროფესორი ამირან არაბული ხადას ხეობაში მოგზაურობის ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდებს იხსენებს:

“ხადის ხეობა უშუალოდ თუ არ მოიხილე და არ მოიხიბლე ამ ხეობის იშვიათი სილამაზით, ბოლომდე ვერ ახსნი სრულიად საქართველოს უზენაესი ხელისუფალისადმი მისი მმართველისა თუ ციხისთავის იმპერატიული და, ამასთან, ზომიერად თამამი მიმართვის მიზეზს: “ხადას ვერ დავთმობ, მეფეო, მცხეთას არ შეგეცილები!..”

ცნობილია ვინაობა რამდენიმე ხადისხეობელი ციხისთავისა, რომელთაც განსაკუთრებული მისია ეკისრებოდათ აქაურობის დაცვისა და გადარჩენის საქმეში. ესენია: ბეჟან ზაქაიძე, ლევან და ნინია ნაზღაიძეები…

ხეობის გაღმა-გამოღმა (ანუ დიდველისა და ციკარეს) ზეგნებზე განლაგებული ციხე-სიმაგრეების შორით შემხედვარეს იმ უსახელო ქვითხუროებსა თუ კალატოზებზე ფიქრი გაწვალებს, ვინც მშობლიური მიწის ფანატიკური ერთგულების ნიშნად ცაში ასაფრენად გამზადებულ ამ საოცრებებს ასაძირკვლებდა, აშენებდა და აპირკეთებდა…

სარწმუნოა ანონიმი მელექსის ნათქვამი: “…ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი…”

საითკენაც უნდა გაიხედო, თვალსაწიერში ექცევიან ჟანგისფრად ხანმოთეული თავდაცვითი დანიშნულების საფორტიფიკაციო ნაგებობები.

მტრიანობის ჟამს ხადის თემის ციხე-ქვითკირებს თავს აფარებდნენ არა მხოლოდ აქაურნი, არამედ ქვეყნის მეფე-დიდებულებიც…

ურთულესი გზის გავლით შედიხარ “კლდოვან და კოშკოვან” სამყაროში, რომლის ჯუფთი და ბადალი ძალზე ცოტა-ღა თუ მოიძებნება ე.წ.”ტურისტული ინდუსტრიის” შუქ-ჩრდილებით დაღდასმულ ჩვენს მთიან კუთხეებსა თუ რეგიონებში…

ველური პიტნა და თავშავა, კვლია და კრაზანა, ქონდარი და გვირილა…

სამკურნალწამლო მცენარეებით აფერადებული ფერდობები და ვაკე ადგილები მიგყვებიან და მიგაცილებენ ხეობის სიღრმეში…

და თუკი წკერეში 84 წლის განსაცვიფრებლად მახსოვარ, ბრძნადმეტყველ, ხურჯინებისა და ფარდაგების უბადლო მქსოველ, უსაზღვროდ კეთილ და ტკბილმოუბარ ანა (ანიჩკა) ბექაურთან შეხვედრის სიხარულიც გარგუნა ბედმა, ჩათვალე, რომ მთავარმოწამის მადლმა გიწინამძღვრა და ზაფხულის მწველი მზით გალიცლიცებულმა დღემ უქმად, უკვალოდ, უშედეგოდ არ ჩაიარა.

და კიდევ: ანიჩკა ბებოს “ყდაზე”, ანუ პრიმიტიულ საქსოვ დაზგაზე ახალი ფარდაგია წამოწყებული; ფარდაგი, რომელიც, შეიძლება წინდაწინ ითქვას, ისეთივე ქართული, ფერებდამჯდარი და თვალმისავალი იქნება, როგორიც მისი წინა ნამუშევრებია…

პ.ს. სოფლიდან წამოსვლისას დანახული ორი დაუვიწყარი სურათი: წკერეს შუაგულში აღმართული ციხე-კოშკის ხორკლიან კედელს ბღუჯა-ბღუჯად შესევია გულყვითელი გვირილების რიცხვმრავალი “ლაშქარი”, ხოლო ცის ტატნობზე გაჭიმულ ელსადენზე ამინდის შეცვლის მოლოდინში გაყუჩებული კუდმაკრატელა მერცხლები ჩამწკრივებულან.”

84 წლის ანა ბექაური - გასაოცარი ფარდაგების მქსოველი

პ.ს. სოფლიდან წამოსვლისას დანახული ორი დაუვიწყარი სურათი: წკერეს შუაგულში აღმართული ციხე-კოშკის ხორკლიან კედელს ბღუჯა-ბღუჯად შესევია გულყვითელი გვირილების რიცხვმრავალი "ლაშქარი", ხოლო ცის ტატნობზე გაჭიმულ ელსადენზე ამინდის შეცვლის მოლოდინში გაყუჩებული კუდმაკრატელა მერცხლები ჩამწკრივებულან.