5 ივლისი, 2018

უარი სამების მგალობელთა გუნდს საიუბილეო კონცერტის ჩატარებაზე

უარი სამების მგალობელთა გუნდს კონცერტის ჩატარებაზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი წელს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუბილარებს კონცერტს ჩატარებაზე უარი უთხრეს და აღმოჩნდა, რომ დარბაზისთვის საჭირო თანხა არ აქვს არც მერიას, არც საპატრიარქოს და არც კულტურის სამინისტროს.

სვიმონ ჯანგულაშვილი:

“წელს ჩვენი გუნდის დაარსებიდან 20 წელი გავიდა. დიდი არაფერი – ზოგს მოვწონვართ, ზოგს არა, ზოგი არც კი გვიცნობს. ეს ნორმალურია.

ერთი შემიძლია ვთქვა – ამ 20 წლის უკან გუნდის წევრების დაუღალავი, უზარმაზარი შრომაა – უთვალავი რეპეტიცია (მინიმუმ სამ საათიანი ყოველ დღე) და ყოველ შაბათ-კვირას 4-5 საათიანი ღვთისმსახურება (რომელზე ჩვენს გალობასაც, ტაძარში მყოფთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, არ უსმენს ხოლმე).

საიუბილეო კონცერტის ჩატარება დავგეგმეთ.

20 წელი ბევრი არაა, მაგრამ, არც ცოტაა და ამიტომ, დავგეგმეთ.

შარშან სექტემბრიდან დაუღალავად შრომობენ ბიჭები და ჩვენი კონსულტანტი და შთამაგონებელი, შალვა მოსიძე.
ჯერ პირველი საშინელება შეგვემთხვა – გენიალური და სათაყვანო იოსებ კეჭაყმაძის შვილმა მამამისის ნაწარმოებების შესრულება აგვიკრძალა. ამ ნაწარმოებების არანჟირება ვაჟთა გუნდისთვის თავად ბატონი სოსოს ნებართვით გვქონდა გაკეთებული, მას მოწონდა, გვგულშემატკივრობდა, ვუყვარდით. მანამდეც და ბოლოს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკა და მითხრა, 3 ნაწარმოებს ანზორ ერქომაიშვილს ვუძღვნი და სამს შენო. შეთხზული მაქვს უკვე, ნოტებში ჩაწერაღა უნდაო. ვერ მოასწრო. აი ასე ვუყვარდით და მოწონდა ჩვენი საქმიანობა.

მისმა შვილმა, პატივცემულმა კატომ კი, განგვიცხადა, რომ მამაჩემს თქვენი შესრულება არ მოწონდა, შერეული და ქალთა გუნდებისთვის დაწერილი ნაწარმოებების მამაკაცთა გუნდში გადატანის წინააღმდეგი ვარო, მიუხედავად მამაჩემის ნებართვისაო; მამაჩემის ნებართვა მხოლოდ მის სიცოცხლეში მოქმედებდაო (გაუგებარია, გარდაცვლილი მამის სურვილს და ნებას და ახლობლებს ასე რატომ უნდა მოეპყრა) და საავტორო უფლებების სააგენტოსაც, რომელსაც ამ გაუგებრობის მოსაგვარებლად მივმართეთ, უთხრა, მაგათ რომ ნება დავრთო, მერე ყველა დაამახინჯებს მამაჩემის მუსიკასო; ვიცი, რომ კონცერტს აპირებენ და სასამართლოს მივმართავ, როგორც კი შეასრულებენ მამაჩემის მუსიკასო.

რა გაეწყობოდა. შევეშვით იოსებ კეჭაყმაძის მუსიკის “დამახინჯებას”. მუსიკისა, რომელიც უზომოდ გვიყვარს, და რომლის შესრულებისათვის წლების თავდადებული შრომა გვაქვს გაწეული.

წინ კი მეორე საშინელება გველოდა:

მერიაში შევიტანეთ განაცხადი, კონცერტის დაფინანსების თხოვნით – 15 ათასი ლარი დარბაზს სჭირდება და დაახლოებით 2 ათასამდე – კონცერტისთვის საჭირო სხვადასხვა ხარჯია (მოსაწვევი, პოსტერი, კონცერტის მინიმალური გაფორმება და ა.შ.).

პროექტში ჩავწერეთ, რომ კონცერტს 29 ივნისს ვგეგმავდით. პროექტი მერიაში 18 მაისს შევიტანეთ (მანამდე სამინისტროში ვგეგმავდით, მაგრამ, გაირკვა, რომ სამინისტრისა და დარბაზის დირექციის სპეციფიკური ურთიერთობის გამო, სამინისტროს შეეძლო, რომ დარბაზში გადასახდელი ფული არ მოეცა და ამიტომ მერიაღა დარჩა)…

29 ივნისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ, პასუხს გვწერენ – 26 (!) ივნისს, და გვეუბნებიან, რომ “თავს იკავებენ” ჩვენი გუნდის საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე (ანუ, დარბაზის ფულის გაღებაზე).
აღმოჩნდა, რომ დარბაზისთვის საჭირო თანხა არა აქვს არც მერიას, არც საპატრიარქოს და არც კულტურის სამინისტროს.

ასე რომ, კონცერტის მომზადებისთვის გაწეული 8 თუ 9 თვიანი ინტენსიური შრომა წყალში გვეყრება.
ევროპა-ამერიკაში ჩვენი ნაშრომის წარდგენის თავი ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს – ბევრნი ხართო. 40 კაციანი გუნდი ბევრია, ორკესტრების, თეატრების, სხვა კოლექტივების გაყვანა ხერხდება, ზოგ მათგანში ჩვენზე 2-ჯერ მეტი ადამიანია. მათი გაყვანა ხერხდება და ჩვენი ვერ (ოქტომბერში გორის და ჩვენი გუნდები ფრანკფურტში, წიგნების დღესასწაულზე მივყავართ ნიკოლოზ რაჭველს “სტიქსში” სამღერად. არავინ კულტურის სამინისტროდან არ მოიფიქრა, რომ რახან ორი გუნდი იქაა, ბარეღამ ქართული საგუნდო მუსიკაც ეჩვენებინათ გერმანიაში, ასე, 60 ადამიანი ჩავალთ და ჩამოვალთ. არადა საგუნდო მუსიკა როგორ არ უნდა წარმოაჩინო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს?)…

მერე მობრუნდება ვინმე მემარჯვენე-ლიბერტარიანელი და გვეტყვის: “მაგრები რომ იყოთ, თქვენზე მოთხოვნა იქნებოდა და პოპულარულები იქნებოდითო”…

თუ კონცერტი არ ჩამატარებინე, თუ არ გააცანი შესაბამის საერთაშორისო სპეციალისტებს (მუსიკოსებს, მენეჯერებს, პროდუსერებს, დირექტორებს) შენი ქვეყნის ხელოვნება, როგორ იქნება ჩემზე მოთხოვნა?
ფესტივალების და დარბაზების დირექტორებს, ან გავლენიან მუსიკოსებს უნდა დაესიზმროთ, რომ ასეთი გუნდები არსებობს თბილისში, ან გორში, ან ასეთი ორკესტრი და ა.შ. და ასე უნდა მიგვიწვიონ?

ეხლა კი, ჩვენი კულტურის საერთაშორისო პოპულარიზებაზე მიმართული სამინისტროს გაუქმების მერე, საერთოდ აღარ ვიცი, რა იქნება…

ერთადერთი, რაც საერთაშორისო მასშტაბის და მაღალი დონის გვაქვს, ეს ხელოვნებაა. ამას თუ არ ვუპატრონეთ, გვერდში არ დავუდექით, სწორი მენეჯმენტი და პოპულარიზება არ გავუწიეთ, დავკარგავთ და ჩვენც, როგორც ღირებულებების დამკარგავი ერი და საზოგადოება, აღარ ვიარსებებთ.

ძალიან გულნატკენი ვარ. როგორც ჩანს, ჩვენს ჩინოვნიკებში, კვლავ ბენდუქიძურ-მემარჯვენე მიდგომა ბატონობს (რომ თავისუფალმა ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ყველაფერი, მათ შორის ხელოვნების ბედიც), როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ჩვენი გუნდი და ალბათ, მართლაც “ვამახინჯებთ” მუსიკას.”

უარი სამების მგალობელთა გუნდს საიუბილეო კონცერტის ჩატარებაზე