Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საგანგაშო დარღვევები და ვანდალიზმი აწყურის ტაძარზე

13 ივლისი, 2018

საგანგაშო დარღვევები და ვანდალიზმი აწყურის ტაძარზეაწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ღირსშესანიშნავი ძეგლია.

მისი რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი შეიქმნა 2008 წელს, ხოლო 2015 წელს დაკორექტირდა.
პროექტის ავტორის, არქიტექტორ გოგოთურ მისრიაშვილის ინფორმაციით, მისი რეკომენდაციები ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშოების პროცესში არ გაითვალისწინა არც შემსრულებელმა კომპანიამ და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

გოგოთურ მისრიაშვილი:

SOS!

აწყურის ტაძრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და ვანდალიზმი

აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი შეიქმნა 2008 წელს, ხოლო 2015 წელს დაკორექტირდა.

2016 წლის აპრილიდან დაწყებულია აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს საგანგაშო დარღვევებითა და ვანდალიზმის ფაქტებით.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ღირსშესანიშნავი ძეგლია. ამდენად, საყურადღებოა და უკვე გადაუდებელიც ძეგლის რეაბილიტაციის ბედით დაინტერესდეს ფართო საზოგადოებაც, რომლის ინფორმირებასაც ემსახურება ეს პოსტი.

სამწუხაროდ, და ძეგლის საზიანოდ, ჩემი, როგორც პროექტის ავტორისა და არქიტექტურული ზედამხედველის რჩევები და რეკომენდაციები ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშოების პროცესში არ გაითვალისწინა არც შემსრულებელმა კომპანიამ და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა. უგულებელყოფილი იყო ჩემი რეგულარული ანგარიშები, სადაც ასახულია ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მძიმე დარღვევები, რომელიც საჭიროებდა მყისიერ რეაგირებას. ამ ანგარიშებში ასახულ პრობლემატიკას პუნქტების სახით საჯაროდ ვაქვეყნებ:

1. შემსრულებელი სამშენებლო კომპანიის შერჩევა უნდა მომხდარიყო საპროექტო ჯგუფისა და კომპეტენტური პირების აზრის გათვალისწინებით (არქიტექტურული ძეგლის მნიშვნელოვანებისა და სირთულიდან გამომდინარე), რაც არ მოხდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს გენერალური დირექტორის ბატონი ნ. ანთიძის მხარდაჭერით ჩაბარდა კომპანია ,,ივერთმშენს“, რომელმაც ვერ ითანამშრომლა საპროექტო ჯგუფთან.

2. ფიზიკური სამუშაოების დაწყებისთანავე პროექტის კონსტრუქტორთა ჯგუფს, რომელიც მზად იყო გაეწია ძეგლზე საავტორო საზედამხედველო სამუშაოები კომპანია ,,ივერთმშენის“ ხელმძღვანელი დაუპირისპირდა და ჩაანაცვლა თავისი წარმომადგენლით, რომელიც ვერ აკორექტირებდა სამუშაოების პროცესში ძირითადი კონსტრუქციული პროექტის რიგ პრობლემურ კვანძებს.

3. საავტორო არქიტექტურულ ზედამხედველობას გარკვეული პერიოდი ვასრულებდი ა(ა)იპ არქიტექტურული აზრის განვითარება ,,ერდო“-ს არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი. რესტავრაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების კვალიფიციურად განსახორციელებლად უშუალოდ ვმონაწილეობდი ფიზიკურ სამუშაოებში (ბურჯების მარკირება და დაშლა-აწყობა). ჩემი მოთხოვნა იყო, რომ კომპანია ,,ივერთმშენის“ ხელმძღვანელს შეეცვალა ბურჯების პნევმატური ჩაქუჩით არაპროფესიონალურად გადამუშავებული ქვები, რაც არ სრულდებოდა კატეგორიულად. მხოლოდ სააგენტოს წარმომადგენლის მოთხოვნის შემდგომ გახდა კომპანია იძულებული მოეხდინა სვეტებისა და ბურჯების ქვების დემონტაჟი.

4. სვეტებისა და ბურჯების ადგილზე ზუსტად დასასმელად საჭირო იყო ტრიანგულაციის პრინციპით AutoCad პროგრამაში შესრულებული გეგმიდან მათი სიზუსტით გადმოტანა-გადამოწმება, რაც არ შესრულდა.

5. ჩემი მოთხოვნის მიხედვით, კირის ჩასაქრობად უნდა დამზადებულიყო რკინის მარტივად გადასაადგილებელი წყალგაუმტარი რეზერვუარები, მაგრამ ადგილზე დამხვდა ტაძრის ჩრდილოეთ ფასადთან მიწაში მოწყობილი ბეტონის ორმო, რომლიდანაც კირიანი წყალი გაედინებოდა მიწაში (სავარაუდოდ, არქეოლოგიურ ფენებში). კირის ჩაქრობა ამ ფორმით არქიტექტურულ ძეგლთან და არქეოლოგიურ უბანთან ახლოს დაუშვებელია. ამასთან ერთად, ორმოს ამოღება არ იყო შეთანხმებული არც პროექტის ავტორთან და არც არქეოლოგთან. საგანგებოდაა აღსანიშნავი ის, რომ ტაძრის რესტავრაციისას რიგ ადგილებში დუღაბად გამოიყენება კირ-ცემენტი, რომელიც, საერთაშორისო ქარტიების თანახმად, საერთოდ აკრძალულია.

6. პროექტირების პროცესში ჩემს მიერ მარკირებულ და აზომილ იქნა სოფლის გაღმა (მტკვრის მეორე ნაპირთან) გატანილი ტაძრის კუთვნილი 4000-მდე ქვა, რომელიც Excel-ის პროგრამაში განთავსდა. ნოუთბუქის გამოყენებით შესაძლებელია ადგილზე (ძეგლზე) სწრაფად მოვიძიოთ, ეტაპობრივად გადავიტანოთ და მოვათავსოთ ქვები ტაძრის წყობაში (მოძებნა შესაძლებელია: მდებარეობის, მარკირების ფერის, ტიპის, მარკირებული ქვის ნომრის, ქვის კლასიფიკაციის, ვარგისიანობის, ქვის გაბარიტული ზომების, ფოტოს, შაბლონისა და ცალ-ცალკე გაბარიტული ზომების მიხედვით). ამგვარად, საჭირო ქვების მოსაძებნად აუცილებელია კომპიუტერული უნარებისა და უშუალოდ Excel-ის პროგრამის მცოდნე სპეციალისტი ადგილზე. ამ პროგრამის დახმარებით ჩვენ ავიცილებდით ქვების ქაოტურ გადატანას სარესტავრაციო უბანზე და მათ დამატებით დაზიანებას. სამწუხაროდ, არ მოხდა ტაძრის ავთენტური ქვების გამოყენება რეაბილიტაციის პროცესში, რომელთა 90% ისევ ტაძრისგან მოშორებით არის დატოვებული და ვეღარ იქნება დაბრუნებული თავდაპირველ ადგილებზე, ვინაიდან ტაძრის კორპუსის უდიდესი ნაწილი უკვე ამოშენებულია ახალი ქვებით.

7. მეთოდურად სრულებით გაუმართლებელია ტაძრის სარკმლების ახლადშექმნილი ჩუქურთმებიანი საპირეების დამონტაჟება, მაშინ როდესაც გამოუყენებელია ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტული ავთენტური ორნამენტული ქვები. ასევე გამოუყენებლად ყრია მარკირებული ბურჯის ქვები, რომლის სანაცვლოდ თლიან ახალს.
მიუხედავად, ჩემი მრავალი ოფიციალური ანგარიშისა და პირად შეხვედრებში გამოთქმული რჩევებისა თუ შენიშვნებისა, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოში, ისე კომპანიის წარმომადგენლებთან, სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავაც დიდი დარღვევებით სრულდება. ეს პრობლემები კი საპროექტო ჯგუფის იმთავითვე იგნორირებამ გამოიწვია.

ამგვარად, აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია სავალალო მდგომარეობაშია, განმკითხავი კი არავინაა!”

საგანგაშო დარღვევები და ვანდალიზმი აწყურის ტაძარზე

საგანგაშო დარღვევები და ვანდალიზმი აწყურის ტაძარზე

საგანგაშო დარღვევები და ვანდალიზმი აწყურის ტაძარზე