21 ივლისი, 2018

პეტრე ოცხელი – მხატვარი გენიალური შემოქმედებითი გზით

პეტრე ოცხელი - მხატვარი გენიალური შემოქმედებითი გზით„სიკვდილი არ არსებობს! სიკვდილი სულელური სიტყვაა! სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ არის გამარჯვება სიკვდილზე, ანუ სამარადისო დავიწყებაზე!“ – ასე ამბობდა რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი პეტრე ოცხელზე.

კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დამზადდა ვიდეორგოლი, რომელიც პეტრე ოცხელის შემოქმედებას მიეძღვნა. ვიდეორგოლში გამოყენებულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაცული ექსპონატები.

პეტრე ოცხელი – ქართული სცენოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი შემქმნელი, ხელოვანი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო იდეოლოგიური და ესთეტიკური დიქტატი.

მხატვარი, რომელმაც გაიარა გენიალური შემოქმედებითი გზა სუპრემატიზმიდან კონსტრუქტივიზმამდე და სრულიად ახალგაზრდამ 30 წლის ასაკში, საბჭოთა რეპრესიების სამსხვერპლოზე შეწყვეტა ცხოვრება.

„სიკვდილი არ არსებობს! სიკვდილი სულელური სიტყვაა! სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ არის გამარჯვება სიკვდილზე, ანუ სამარადისო დავიწყებაზე!“ – ასე ამბობდა კოტე მარჯანიშვილი პეტრე ოცხელზე.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ქართული თეატრი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში პროფესიული თეატრალური ხელოვნების ფორმირება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან აქტიურად დაიწყო. XX საუკუნის ქართული სათეატრო რეფორმები და ნოვატორული აზროვნების ნიმუშები მსოფლიო სასცენო ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებოდა.

საბჭოთა პერიოდის მკაცრი იზოლაციის პირობებში საქართველო და ქართული კულტურა, ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად მსოფლიოს ქართულმა თეატრმა გააცნო. ამავე ეპოქას უკავშირდება ქართული თეატრის განსაკუთრებული აღიარება XX საუკუნის 30-იან და 70-80-იან წლებში.

დღეს ქართული თეატრი საერთაშორისო კულტურულ პროცესებთან ინტეგრაციის პირობებში ვითარდება. თბილისში ყოველწლიურად იმართება ორი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. იდგმება ერთობლივი, ქართულ-უცხოური წარმოდგენები. სახელოვანი ქართული თეატრალური დასები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ფესტივალებში, აქტიურ საგასტროლო საქმიანობას ეწევიან მსოფლიოს მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებში.