28 ივლისი, 2018

ნოდარ ბახტაძე: “ვისაც გჯერათ ჩვენი: გაგახაროთ?”

ნოდარ ბახტაძე: "ვისაც გჯერათ ჩვენი: გაგახაროთ?"პროფესორი ნოდარ ბახტაძე დოლოჭოპის დიდ სატაძრო კომპლექსზე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

“აი, მე–7 გათხრითი სეზონიც მიილია დოლოჭოპის დიდ სატაძრო კომპლექსზე. მოგმართავთ მათ, ვისაც გჯერათ ჩვენი: გაგახაროთ? მართალია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, წელს ჩვენივე “საუკუნის აღმოჩენაზე” მხოლოდ გარკვეულ ფართობებზე მიგვიშვა და ისიც “ზედამხედველების” სტატუსით, მხოლოდ თვენახევრით; მართალია ამ უწყებამ შარშან თავისივე ჩატარებული კონკურსის შედეგები გააუქმა და არქეოლოგიური გათხრები ამ მართლაცდა უნიკალურ ძეგლზე შეგნებულად არ დაგვიფინანსა ღიმილის მომგვრელი მიზეზით – თქვენივე პირმშოს კონსერვაციას უშლითო ხელს, და ასე შემდეგ…

მიუხედავად ამისა, წარმატება ამჯერადაც თან გვდევდა, და, ჩემის აზრით, იცით რატომ, ახალგაზრდებო? მავან არქეოლოგთაგან განსხვავებით, ჩვენ ხელის ცეცებით, ან სულაც “ნიჩბის ხმაურის გულისთვის” არ ვმუშაობთ. ჩვენ, ჯერ ეს ერთი, თავიდანვე ვიცოდით რას ვეძიებდით ნეკრესის ნაქალაქარზე ამ ძეგლის სახით, და მეორეც, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ კონკრეტულ სეზონშიც კონკრეტულად მოველით, რისი დასაბუთება თუ უარყოფა გვინდა ამჯერად…

აი, თუნდაც უკანასკნელი აღმოჩენა განვიხილოთ: ბოლო წლებში მუდამ გვინდოდა გაგვეგო, IV-V საუკუნეთა მიჯნის ამ ერთ–ერთ პირველ ქართულ საკათედრო ტაძარში, მხოლოდ საეკლესიო იერარქები იმარხენოდნენ (ზოგიერთი, შემართული, მაკურთხებელი მარჯვენითაც კი), თუ ეკლესიის რომელიმე ნაწილი საერო დიდგვაროვანთაც ჰქონდათ დათმობილი საძვალედ.

და აი, სამხრეთის გალერეაში, ასეთ აკლდამათა წყების არსებობის პირველი დასტურიც აღმოჩნდა და, მერე რა საოცარი მინიშნებით ეპოქათა მიჯნაზე – ქვაყუთში აღმოჩნდა ყმაწვილი, დიდი ალბათობით (სამკაულისდა მიხედვითაც) არისტოკრატული ოჯახის წევრი ქალის ცხედარი, რომელიც… ჯერ კიდევ წარმართული წესით, მარცხენა გვერდზეა დაკრძალული ქრისტიანულ საკათედრო ტაძარში. სამარხი V საუკუნისაა და მრავალი კითხვაც გააჩინა: ისევე როგორც საქართველოს მთიანეთში, ქალები აქაც ჯიუტად, ჯერ კიდევ ტრადიციულად იმარხებოდნენ? მაშინ ხომ ჯერ კიდევ აკრძალული იყო ჩვილების მონათვლა და, ვითომ მონათვლამდე გარდაიცვალა? ან იქნებ (ცოტა დაუჯერებლად კი გვეჩვენება), ამ პროვინციაში ჯერ კიდევ კომპრომისულ წესს მისდევდნენ და საერთოდ არ იყო მკაცრ წესად დადგენილი მიცვალებულთა გაშოტილად დაკრძალვა…

ნოდარ ბახტაძე: "ვისაც გჯერათ ჩვენი: გაგახაროთ?"

ამ კითხვებზე პასუხს გაისად, ამავე გალერეის სხვა დიდგავროვანთა აკლდამების გახსნის შედეგად მივიღებთ. და კიდევ: 2 წელია, რაც IV-V საუკუნეთა მიჯნის (სტრატიგრაფიული ანალიზით და რადიოკარბონული დათარიღებით დადასტურებული სულ ზედა ქრონოლოგიური ზღვარი) ამ ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთან, ქართული ასომთავრულით შესრულებულ წარწერიანი ანტეფიქსები აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს მოვლენა მაშინვე შევატყობინეთ ქართულ საზოგადოებრიობასაც და კულტურის სამინისტროს სისტემასაც.

და, მიუხედავად ამისა, შარშან და წელს, ამ უბანზე, ჯიუტად არ გვაძლევენ გათხრების გაგრძელების უფლებას… რა ვუწოდოთ ამას – ჯიბრი თუ პრობლემის მნიშვნელობის ვერ შეფასება?”