27 ივლისი, 2018

მედეა ფანიაშვილი – ქართული მუსიკის დედოფალი

მედეა ფანიაშვილი - ქართული მუსიკის დედოფალიასე უწოდებს პიანისტ მედეა ფანიაშვილს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი და ერთ ისტორიას იხსენებს:

“მედეა ფანიაშვილი იყო უაღრესად გაბედული, თვითმყოფადი, ენერგიული, სამართლიანი, ლაღი, ცეცხლოვანი ტემპერამენტით აღსავსე ხელოვანი. მედეა მზეს ჰგავდა, თავისუფალი საქართველოს ცის კაბადონზე ამობრწყინებულ მცხუნვარე მზეს, რომელიც უხვად აფრქვევდა სხივებს თავის უსაყვარლეს სამშობლოს.

დიახ, ქალბატონ მედეას თავდავიწყებით უყვარდა უფალი, საქართველო და მუსიკა. ამ სიყვარულისთვის, მას, თვით სიცოცხლის დათმობაც შეეძლო!… აკი, დათმო კიდეც!..

90-იან წლებში საქართველოს ხელოვნების აკადემიაში, რომლის რექტორი ბრძანდებოდა ქალბატონი მედეა, მზადდებოდა კონცერტი, სადაც ქალბატონ მედეას, საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ოთხ ხელში უნდა დაეკრა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში დატრიალებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა საქართველოს პრეზიდენტიც შეიწირა და მედეა ფანიაშვილის მიერ დიდი რუდუნებით შექმნილ ხელოვნების აკადემიასაც დარია თავისი მსახვრალი ხელი!

ქალბატონი მედეა, თავისი 1400 სტუდენტითა და პედაგოგებით, გაძევებულ იქნა ,,ხელოვნების მუშაკთა სახლიდან”, რომელშიც ფუნქციონერებდა ,,ხელოვნების აკადემია”.

ეს უკვე მეტისმეტი იყო! ასეთ დარტყმებს თვით რკინაც ვერ გაუძლებდა!.. “ნეტავ, ჩემი ხელების ვინმესთვის გადანერგვა შეიძლებოდეს”, – სასიკვდილო სარეცელზე ინატრა მუსიკოსმა, რომელიც ბალიშქვეშ ინახავდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გროზნოდან გამოგზავნილ ბარათს.

მედეა ფანიაშვილი გარდაიცვალა 48 წლის ასაკში. ის ანგელოზებმა წაიყვანეს მაღლა, ზეცაში, შემოქმედთან, რომელმაც უხვად დააბერტყა ტალანტი, მშვენიერი სხეული, ნატიფი გემოვნება, კოსმიური ქართული მუსიკისა და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის განუზომელი სიყვარული.”