8 ივლისი, 2018

ლექსები მამაზე

ლექსები მამაზე ბევრმა ჩვენგანმა იცის ლექსები დედაზე, მაგრამ არც თუ ისე ბევრმა იცის ლექსები მამაზე.

“არტინფო” გთავაზობთ ლექსებს მამაზე, რომლის ავტორებიც არიან ტერენტი გრანელი, შოთა ნიშნიანიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკო გომელაური, გენო კალანდია, ოთარ ჭილაძე, ირაკლი აბაშიძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ტარიელ ხარხელაური, მიხეილ ქვლივიძე.

 

ოთარ ჭილაძე – მამა

დრო თავისი გზით წავიდა ისევ,
დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის…
მეც გავიზარდე და მერე ვიგრძენ
შეშფოთებული თვალები მამის.

ასე შფოთავენ წყვდიადში ტბები,
ქარიშხალი რომ უნახავთ ბევრი.
ასე ცახცახებს ფრინველთა ფრთები,
ძლივს რომ გააპო წვიმების ტევრი.

მეც ამ შფოთვით და ცახცახით ვცხოვრობ,
თუმცა, ჯერ თითქოს არავინ მერჩის:
ეს – ალუბლების ჩრდილია მხოლოდ,
ეს – გაზაფხული ჩურჩულებს ბნელში…

 

ტარიელ ჭანტურია

როგორც კი მოვა ნოემბრის წვიმა
და ყვითელ ზვინებს ნისლი დამალავს,
მაშინვე მამის საფლავზე მივალ
და ვნახავ ქცეულს ნააკლდამარად.

ვერ დაიკავეს გვიმრის ფესვებმა
ცემენტი, ღორღი, თიხა და სილა,
აწვიმს და… გული დარდით მევსება
მათ გამო, ვისაც ლოდებქვეშ სძინავთ…

წვეთავს და თითქოს კისერში ჩამდის
წვეთები ცივი და უამური,
ავზილე ფეხით სიკვდილის ლანდი
და საყვედური მესმის მამური.

სველდება გვიმრა, სველდება ბარდი,
სველდება ბზის და ნეკერჩხლის ტოტი,
და მესმის: “შვილო, ჰო, ახლა წადი,
და მერე… ერთხელ… ოდესმე… მოდი…”

 

შოთა ნიშნიანიძე – მამა

“როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,
ცა გამეხსნება მაშინ…..
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,
ცრემლი მომადგეს თვალში…

ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო
სინანულით და წყენით…
ო,როგორ მინდა კრძალვით გახარო,
“მუდამ ვამაყობ შენით”…

ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი
და არ გაშინებს დაღლა..
მეამაყები მხოლოდ ამგვარი,
როგორიცა ხარ ახლა…

ვიცი,ხანდახან გიმძიმს ძალიან..
ამოიხვნეშებ წამით…
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე,მამი…

დედას რომ უფრო ვეალერსები,
გაჯავრებული ნუხარ..
არ იწერება თქვენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ..

ნელინელ მიაქვთ წლები მზის წლები
ჩვენზე ზრუნვას და ამაგს..
მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები,
ჩემო კეთილო მამავ…”

 

მიხეილ ქვლივიძე – მამა

წავიდა მამა…მოკლე და სწრაფი
გამოთხოვება ჰქონდა შვილებთან,
წავიდა დედა…და გაწყდა ძაფი,
მშობელ სახლთან რომ მაკავშირებდა.
მერე სხვა გზებით წავიდნენ სხვები
და მათი კვალი ქარმა წახვეტა
და ბოლოს იმ გზით, შენ რომ წახვედი,
ჩემთან მოვიდა სასოწარკვეთა.

 

ნიკოლოზ ფაიქრიძე – მამას

“მამაჩემის იერით,
მამაჩემის სახით,
კაი კაცის კაცობა,
შუბლზე ძარღვად დამდის…

ჩემს მაჯებში ჩქეფს და
ვგრძნობ ძარღვებში ტოკავს,
ადათი და წესი –
მამაჩემს რომ მოჰგავს…

მის ნაჯაფარ ხელზე,
ფესვს იმაგრებს ყანა,
და მეც ბედნიერი –
მისი მადლით დავალ…

სულ ღიღინით უვლის,
ერთ ძველ ქვევრში ღვინოს,
ღვთისგან მხოლოდ შვებას და
სიყვარულს ითხოვს…

დადის – დააქვს დარდი,
უთქმელიც და მეტიც,
მამას ახსოვს ყველა –
მოკეთეც და მტერიც…

უცნაურად იწყენს ,
ვერ ვშველიო ურემს –
” არ ვიცნობდი ბიჭო,
მე დედაშენს თურმე …”

უცნაურად მეტყვის,
სულ ჩურჩულით, წყნარად,
წითელ ღვინოს მოსვამს,
საშველად და წამლად…

და ჭაღარა თმებში,
შეაცურებს თითებს,
ღმერთო – კაცის გული,
რამდენ სევდას იტევს…

მამაჩემის სახით,
მამაჩემის მზერით,
აღმა-დაღმა დავალ,
სულს ვმკურნალობ წერით…

ვგრძნობ ძარღვებში ჰყეფს და
ვგრძნობ ძარღვებში ტოკავს,
მამაჩემის სისხლი –
მოწყენა და ოხვრაც…

დღეგრძელი ვარ – რომ მყავს,
ბედნიერი – რომ მგავს,
ჩემისთანა მამა – არსად ,
არვის არ ჰყავს…

უცნაურად ვწერ და
უცნაურად ვღელავ,
მამაჩემზე ფიქრებს,
მორიდებით ვკერავ…

ღმერთს ვთხოვ – დიდხანს იყოს,
ღიღინებდეს მთვრალი,
მუდამ ქონდეს სხვისი –
სიყვარულის თავი…”

 

გენო კალანდია – მამა

“აქ არის ჩემი ცისფერი სახლი,
აქ ცხოვრობს ჩემი კეთილი მამა,
ეზოში დარბის ნაცარა ძაღლი
და უყეფს ღამეს და მთვარის მამალს.

ო, მამაჩემო, გაშალე შუბლი,
შე ხარის გულო, აიღე ჭიქა,
მე გიმკურნალებ ფაზისის შუქით,
მე აქაური წვიმები მიყვარს.

მე სამეგრელოს მინდვრების ფერი
თვალებში ჩამრჩა, ვით დიდი განძი,
და ბავშვობიდან სახის იერით
მე აქაური მეცნობა კაცი.

ო, მამაჩემო, აანთე ცეცხლი,
გახსენი სულის შვიდივე ბჭენი,
ავწონოთ ჩემი ოქრო და ვერცხლი,
ზედ მივაწეროთ სახელი შენი.

მე სამეგრელოს მიმიღებს მიწა,
თუ მეღირსება სიკვდილი მშვიდი,
მე სიზმარს ვხედავ: მოხუცი ძიძა
გამოსალოცად ილორში მიდის.

მე არ მეკუთვნის მიქავას ხმალი,
მაგრამ მე პასუხს ყველაზე ვაგებ,
მე გუშინ ვნახე მეგრელი ქალი,
ცისკრის ვარდივით გახსნოდა ბაგე.

მე ვესალმები სალხინოს ნისლებს,
მე ჩემთვის უცნობ სივრცეებს ველტვი
და ხაინდრავას ცხენივით ისევ
გასარბენი მაქვს ათასი ვერსი.

მე აქაური მიწამლებს ჰავა,
მე აქაური მერგება დაღი,
აქ ცხოვრობს სამი პოეტის მამა,
აქ არის ჩემი სამოთხის ბაღი.

 

ნიკო გომელაური – მამას

ვეღარ აღვიქვამ მე იმ სიხარულს
(როდესაც ყალბი შეწყდება გლოვა)
– თან წაუტირებს, თან გაიღიმებს
შვილი, რომელიც საფლავზე მოვა.
მოვა,
დაჯდება,
მოწევს
და წავა.
იქ, კი, იგივე დარჩება ჰავა…

 

ირაკლი აბაშიძე – მამა

თუ იმერეთში სინათლით სავსე
გინახავთ ჩვენი პატარა თემი
და უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ –
მშობელი მამა ის იყო ჩემი.

მას ერთხელ გაჰკრა სიკვდილმა გვერდი
და თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი,
და მერე ჩამქრალ თვალების სევდით
ოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.

ხან თემშარაზეც ფრთხილად და ჩუმად
გამოჩნდებოდა ჩალისფერ ჩოხით
და სიცოცხლის და სიკვდილის შუა
გზას მიიკვლევდა ბამბუკის ჯოხით.

და მოკვდა ისე, რომ მას სიკვდილი,
არ დაუნახავს – გამხმარი ძვალი
და მოკვდა ისე, რომ ტკბილზე ტკბილიც
არ დაუნახავს ქვეყანა თვალით;

არ ჩარჩენია ჯავრად მშვენება
ლურჯი ველების, ლურჯი ქედების…
მე კი, მე იმ დროს რა მეშველება,
ორივე თვალში რომ ვიხედები.

 

მუხრან მაჭავარიანი – ნეტა იმ დღეს

– ამ ორ-სამ დღეში
თბილისიდან ჩამოვა მამა! –
ვწვები, –
მამიდა მისწორებს საბანს…

– ამ ორ-სამ დღეში
თბილისიდან ჩამოვა მამა!
რას ჩამომიტანს?! –
ყველაფერს, ალბათ!

ეჰ!
ნეტა, იმ დღეს…
მაშინ ყველა ცოცხალი იყო! –
მამიდაც,
მამაც…

 

მურმან ლებანიძე – შვილი გაზარდე მტრად…

ღირს მყოობადი ხვნად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!

ეს შეგონება უთქვამთ
ჩვენსას, ჩვენამდე, ძველებს –
მათ, ვინც ეკიდნენ გუთანს
და ვინც ჰკერავდნენ ცელებს.

მადლობის გრძნობა მახრჩობს,
მადლობის გრძნობა მშხამავს,
მე მამაჩემი მახსოვს,
თვალდათვალ ვხედავ მამას.

არცა ალერსით ჭარბით,
არცა მტლაშით და მტლუშით,
ავად შეკრული წარბით,
შავი სატინის ბლუზით!

ღირს მყოობადი რგვად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!

ა ვიცი ამას ვისზე
ამბად ჰყვებიან სხვები –
როკფელერ მამა-შვილზე
მე მსმენია და ვყვები.

მოხუც როკფელერს ერთი
მეეტლისათვის წვრილად
როსმე ორმოცი ცენტი
რომ ჩაუთვლია ქირად.

მეეტლეს უთქვამს, მისტერ,
უღრმეს მადლობას გწირავთ –
კი, გულუხვი ხართ… ისე,
თქვენს ვაჟს ვატარებ ხშირად.

არის ნამდვილი დენდი!
მამას ნამდვილად ასწრებს!
ვისი-რომელი ცენტი! –
ოცდოლარიანს მაძლევს.

დახედა თურმე მწყრალად
ბეჭდებზე ბრილიანტებს
და თქვა ბებერმა წყნარად,
– ვუტოვებ მილიარდებს!

როკფელერი ჰყავს მამა,
მაგას რა უჭირს, ჩათლახს!
მე ობოლი ვარ, ძამა,
მამა საერთოდ არ მყავს!

ღირს მყოობადი რგვად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!

არის თაობათ ბრძოლა,
ან – არ ყოფილა როდის!
რისხვით ხელთათმნის სროლა,
-ეს რა თაობა მოდის!

ეჯაჯღანები შვილს,
მაშასადამე – აწმყოს!
ის – ებუტება ვის?!
აწმყოს – წარსული აცხობს!

შენ წარსული ხარ მკაცრი,
ის სიმწიფეში შევა –
ელის აწმყოსაც აწი
ხვალ-ზეგ წარსულად ქცევა.

და თუ კაცი ხარ ნაღდი,
თუ გარეწარი არ ხარ,
ჩახვდება – როგორც ჩახვდი,
დადგება – სადაც დგახარ.

რაც ხარ, შენ იმად დარჩი,
არ შეყოყმანდე წუთით,
ის შენს საფლავზე ქარში,
მოვა მოხდილი ქუდით…

მადლობის გრძნობა მახრჩობს,
სესხი და ვალი მშხამავს,
მე მამაჩემი მახსოვს,
თვალდათვალ ვხედავ მამას.

ავად შეკრული წარბით,
შავი სატინის ბლუზით,
მკაცრი ცნებებით ჭარბით
და სიყვარულით მუნჯით…

ღირს მყოობადი ხვნად,
მერმე მარგვლად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად –
გამოგადგება მოყვრად!

ტარიელ ხარხელაური – მამაჩემო – თოვლის ფერო

მამაჩემო – თოვლის ფერო,
დედაჩემო – ფერო მიწის,
როგორ უნდა დავიჯერო,
რა მაწუხებს, თქვენ არ იცით.

სატკივარი გამიჯერეთ,
ამახვიეთ ტანზე ნისლი,
დავბნეულვარ – გზა მიჩვენეთ,
საქმე არ ვქნა საძრახისი…

შუბლი მთვარით დამისერეთ,
სისხლი მთისა გადამისხით,
მამაჩემო – თოვლის ფერო,
დედაჩემო – ფერო მიწის.

 

ტერენტი გრანელი – მამა

იქ შემხვდა, სადაც წევს ნაძვის ჩრდილი,
იქ შემხვდა, სადაც შუქი ანთია.
მას მოაგონდა მოკლული შვილი
და ჩემს წინ ცრემლი გადმოანთხია.

ის მიამბობდა, როგორ დასაჯეს,
მის გულში წყრომა როგორ ანთია.
იგი მომიყვა თავის გასაჭირს
და ჩემს წინ ცრემლი გადმოანთხია.