Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

განსაცდელი, რომელსაც ნატო მეტონიძემ ღირსეულად გაუძლო

განსაცდელი, რომელსაც ნატო მეტონიძემ ღირსეულად გაუძლო– ნატო ძალიან მორიდებულია, ზომაზე მეტად, კიდევ უფრო უტრირებულია მასში თვითკრიტიკის და საკუთარი თავით უკმაყოფილების თვისება, კი, პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის ვისაც ჭირდება, საკუთარი თავის გარდა… – ასე ახასიათებს მომღერალს მისი მეგობარი ნიკოლოზ რაჭველი და დაბადების დღეს ორიგინალური ჩანაწერით ულოცავს:

“ჩვენს დროში რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ ფაქტია, რომ ნატო მეტონიძე თავისი პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულებების გამო გარკვეული წლები თითქმის დისიდენტი იყო, მას არ იწვევდნენ მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო ღონისძიებებში, მეტიც, რესტორნები და კლუბები საახალწლო კორპორატიულ ღონისძიებებზე, რაც ჩვენში მომღერლების ერთადერთი შემოსავლის წყაროა მისი გამოსვლებისგან თავს იკავებდნენ, ხოლო სატელევიზიო არხები გალაკონცერტების ჩვენებისას მის ეპიზოდებს ჭრიდდნენ, თითქოს ის იქ არც კი მონაწილეობდა, და ისე უშვებდნენ ეთერში. ამავე პერიოდში ჯანმრთელობაც შეერყა და ყველამ ერთად გადასატანი გადავიტანეთ.

“ეპოქა” რომ შეიცვალა (თუმცა ხშირად ორივეს გვგონია, რომ რიგ საკითხებში ერთ წრეზე ვტრიალებთ) ბედნიერები შევუდექით სცენაზე მისი ტრიუმფალური დაბრუნების მზადებას და აქაც დაბრკოლებების კასკადი დაგვხვდა წინ. დაპირებულმა დამფინანსებლებმა ბოლო მომენტში უარით გამოგვისტუმრეს, რადგან წინასწარ გავრცელდა ხმა, რომ მის კონცერტში მუსიკის გარდა, იქნებოდა სიტყვა, თეატრალური ხერხებით ითქმებოდა სიმართლე იმ მოვლენების ირგვლივ, რაც იმ თუ ამ დროში ჩვენი საზოგადოების შეგნებული ნაწილის გულისტკივილს და ნიჰილიზმს განაპირობებდა.

და მაინც, 2015 წლის ივნისში დოისთან და მთელს შემოქმედებით გუნდთან ერთად მოვახერხეთ ჩვენი სათქმელი სცენიდან გვეთქვა. შედგა ნატო მეტონიძის მუსიკალური სპექტაკლის “ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე” ორდღიანი წარმატებული პრემიერა ფილარმონიის სცენაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების და სპეციალურად მოწვეული თეა დარჩიას მონაწილეობით. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ორი დღე. სცენაზე იდგა, მღეროდა და თამაშობდა ჩემი გულის და სულის მომღერალი, ყველასაგან გამორჩეული!!!

ნატო ძალიან მორიდებულია, ზომაზე მეტად, კიდევ უფრო უტრირებულია მასში თვითკრიტიკის და საკუთარი თავით უკმაყოფილების თვისება, კი, პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის ვისაც ჭირდება, საკუთარი თავის გარდა… მისი საოცარი თვისებებით აღფრთოვანებას მეგობრობის მე-18 წელსაც არ აქვს დასასრული.

ხოდა, მეორე საპრემიერო დღის ბოლოს, ვიდრე დეკორაცია ალაგდებოდა, უკვე მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა, ღამის თორმეტ საათზე ტორტს ვუმზადებდით სიურპრიზად, სცენაზე მხოლოდ მსახიობები და სადადგმო ჯგუფის წევრები ვბორიალობდით, უცებ დათო გერსამიამ გადამოწმების მიზნით რამოდენიმე საათის წინ ჩაწერილი კონცერტიდან ჩვენი დუეტის ჩანაწერი ჩართო, ჩვენ კი უცებ არ ვიცი რამ დაგვარტყა თავში, ავმსუბუქდით და ამხელა სპექტაკლის შესრულებით ნაღელვებ-ნანერვიულებმა თავს უფლება მივეცით გვეცუღლუტა, მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ამიტომ.

მე ჩემს ცხოვრებაში არ მიცეკვია არც მანამდე და არც მერე. დათომ კი თურმე კამერები ჩაწერაზე გაუშვა და საბოლოოდ ჩვენი “მაიმუნობა” ტელევერსიის ფინალში ტიტრების დროს მოხვდა. ხოდა, ვისაც არ გინახავთ, ახლა გიზიარებთ, რადგან დღეს ჩემი უნიკალური მეგობრის ნატო მეტონიძის დაბადების დღეა!”