19 ივლისი, 2018

ავთო მახარაძე – დაუვიწყარი ვარლამ და აბელ არავიძე “მონანიებიდან”

ავთო მახარაძე - დაუვიწყარი ვარლამ და აბელ არავიძე "მონანიებიდან" თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი “მონანიება” მსახიობ ავთო მახარაძისთვის შემოქმედებითი მწვერვალია.

ფილმის სცენარი რეალურ ამბავზე შეიქმნა. ნოდარ წულეისკირმა თენგიზ აბულაძეს დასავლეთ საქართველოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უამბო: ვიღაც პროკურორმა ბიჭს მამა გადაუსახლა და დედამისი საყვარლად გაიხადა. დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ უბედურებას ბიჭმა ვერ გაუძლო და როცა კაცი გახდა, ის პროკურორი საფლავიდან ამოთხარა.

სწორედ ეს ისტორია გახდა მიზეზი “მონანიების” სცენარის დაწერისა, თუმცა შემოქმედებითმა ჯგუფმა სცენარში ბევრი სიახლე და ცვლილება შეიტანა.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე “მონანიებასთან” დაკავშირებით ხშირად იხსენებს, რომ თენგიზ აბულაძემ დიდხანს არ იცოდა, თუ ვის უნდა ეთამაშა არავიძის როლი. როცა მსახიობმა ავთო მახარაძემ სცენარი წაიკითხა, მოეწონა და რეჟისორს სთხოვა, ვარლამზე მოესინჯა.

ვარლამისა და აბელ არავიძის გარეგნობა სრულიად სხვადასხვანაირი უნდა ყოფილიყო. მხატვარმა ესკიზები შექმნა. ავთო მახარაძემ როლისთვის შუბლი აიპარსა, ჰიტლერის ულვაში დაიმაგრა და ბერიას პენსნე გაიკეთა. ფოტოსინჯებში რეჟისორს მსახიობი იმდენად მოეწონა, რომ უთხრა, ორივე როლს შენ ითამაშებო.