15 ივლისი, 2018

ასე გაჰქონდათ ჩვენი საგანძური რუს ეგზარქოსებს საქართველოდან

ასე გაჰქონდათ ჩვენი საგანძური რუს ეგზარქოსებს საქართველოდან– რუსმა ეგზარქოსებმა საქართველოდან აურაცხელი საგანძური გაიტანეს, – ამ განცხადებას ისტორიკოსი გიორგი კალანდია აკეთებს და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული ხელოვნების ნიმუშებსა და სამუზეუმო მნიშვნელობის ნივთებზე საუბრობს:

“რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი ქართული ხელოვნების ნიმუში თუ სამუზეუმო მნიშვნელობის ნივთი ინახება.

ეს პროცესი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაიწყო, როდესაც საქართველოს მეფე-მთავრების მიერ რუსეთის იმპერატორებისათვის გაგზავნილი საჩუქრები ბინას იდებდა სამეფო სალაროებსა და საგამოფენო დარბაზებში.
XIX საუკუნეში ქართული ხელოვნების ნიმუშების გატანამ ინტენსიური და უკონტროლო სახე მიიღო, „თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების უზურპატორების ქმედობებზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის საეკლესიო ქონება გაეჩანაგებიათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ… რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვავ მხარეს…“ – ეს სიტყვები რუს ისტორიკოსსა და ფილოლოგს ნიკოლაი დურნოვოს ეკუთვნის.

მართლაც რუსმა ეგზარქოსებმა საქართველოდან აურაცხელი საგანძური გაიტანეს. თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მაგალითს ჩამოვთვლით:

პალადი რაევმა (საქართველოს ეგზარქოსი 1887-1892 წწ.) სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაიტანა უძველესი ხატების ძვირფასი მოკაზმულობა. მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის მონასტრებიდან წაიღო მომინანქრებული ხატები. გელათის მონასტრის ხატებიდან გააქრო უძვირფასესი ტიხრული მინანქარი.

პავლე ლებედევმა (საქართველოს ეგზარქოსი 1882-1887 წწ.) მეტეხის ეკლესიიდან მოიპარა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც 50 ათასი მანეთი ღირდა და ძვირადღირებული ოქროს ჭედურობა ამშვენებდა. ეს ხატი მოგვიანებით, მეტეხის ეკლესიის სხვენზე იპოვეს, მაგრამ მას ოქროს ჭედურობა უკვე მოხსნილი ჰქონდა.

ევსევი ილინსკმა (საქართველოს ეგზარქოსი 1858-1877 წწ.) გაიტაცა ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროიდან გელათში იყო დასვენებული. ეგზარქოსის მითითებით ხატს ძვირფასი თვლები მოხსნეს. მათ შორის ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ. იმერეთის კათალიკოსის ოქრომკედით ნაქსოვ მანტიას იმავე ეგზარქოსის ბრძანებით მოხსნეს ყველა მსხვილი მარგალიტებითა და ლალებით შემკული სამკაული, მორთულობიდან რვა გირვანქა ოქრო გამოადნეს. კათალიკოსის მანტიას მიტრაც მიაყოლეს, რომელსაც ვახტანგ ჯვარი ამშვენებდა. სიონის ტაძრიდან, წაიღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

ეგზარქოსებს არ ჩამოუვარდებოდა ზოგიერთი რუსი მეცნიერი, რომელიც რუსეთში ახლადაღმოჩენილ არქეოლოგიურ ნივთებსა და სხვა არტეფაქტებს ეზიდებოდა. მაგალითად 1890 წელს სამურზაყანოში, სოფელ ჭუბურხინჯთან (ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი) აღმოჩნდა განძი – ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. VIII-VII საუკუნე) ძეგლი. ფურცლოვანი სპილენძისაგან დამზადებულ ცილინდრულ ჭურჭელში ეწყო სპილენძის 6 ზოდი, ბრინჯაოს ორი სეგმენტისებრი იარაღი, ვერცხლის 9 და ოქროს 3 ოთხკუთხა დამღიანი ზოდი, ოქროს ორნამენტირებული ფირფიტა, 2 სასაფეთქლე ხვია და გავარსიანი ცალი საყურე. სპილენძის, ოქროსა და ვერცხლის უნიკალური დამღიანი ზოდები საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დადგენილებით გადაადნეს. დანარჩენი ნივთები დაცულია ერმიტაჟში. ჭუბურხინჯის განძი კოლხურ კულტურას განეკუთვნება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძველი ქართული ოქრომჭედლობის ისტორიის შესწავლისათვის.”