15 ივნისი, 2018

სპექტაკლი “დემონები” მაყურებელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

სპექტაკლი "დემონები" მაყურებელმა პროტესტის ნიშნად დატოვაგორში კომედიის ფესტივალი გაიმართა, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან მიწვეულმა თეატრებმა სპექტაკლები წარადგინეს.

სამეფო უბნის თეატრმა კომედიის ფესტივალის ფარგლებში რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის მიერ დადგმული სპექტაკლი “დემონები” ითამაშა, რომელმაც დიდი მღელვარება გამოიწვია.

მიხეილ ჩარკვიანი, რეჟისორი:

“დემონები” ვითამაშეთ გორის კომედიის ფესტივალის ფარგლებში, რომელმაც დარბაზში დიდი მღელვარება გამოიწვია. ვისაც არ გინახავთ გეტყვით, რომ სპექტაკლში უხვადაა უცენზურო ტექსტი და კიდე ბევრი სხვა, რამაც შეიძლება გააღიზიანოს გარკვეული შეხედულებების მქონე მაყურებელი. დგებოდნენ და ტოვებდნენ დარბაზს, ან ადგილზე ფუთფუთებდნენ შეურაცხყოფილები, მერე ფოიეშიც დიდი ამბავი ყოფილა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეურაცხყოფილი იყო უმეტესად უფროსი თაობის მაყურებელი, ახალგაზრდები ისხდნენ, დიდი ინტერესით უყურებდნენ და ისმენდნენ ამ სასტიკი, შავი იუმორით გაჯერებულ ტექსტს, რომელშიც, მე თუ მკითხავთ, მაინცდამაინც სასაცილო არაფერია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით, თეატრი არსებობს მსგავსი პროცესებისთვის, ეს არის ის იშვიათი მომენტი, როცა თეატრი ამართლებს თავის ფუნქციას.

ძალიან ბევრი ადამანი დარჩა დარბაზში, რომელსაც მოეწონა სპექტაკლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა საკამათო საკითხი მათთვის, ვინც დარბაზში დარჩა და მათთვის, ვინც დარბაზიდან გავიდა. ამ დისკუსიის არსებობა უმნიშვნელოვანესია ქართულ თეატრალურ სივრცეში და მისი არარსებობა არის ამ წუთას ყველაზე მწვავე პრობლემა.

მოკლედ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და მიხარია, რომ ამ სპექტაკლით მოვხვდი ამ ფესტივალზე.”