Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო თარხნიშვილი: “ერთხელ ყინწვისში…”

ნინო თარხნიშვილი: "ერთხელ ყინწვისში..."მწერალი და ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი გომბორზე მომხდარი ავტოკატასტროფის დროს გარდაცვლილების თემას ეხმაურება და თავისი ჩანაწერით მეტი პასუხისმგებლობისკენ მიგვითითებს:

“ერთხელ ყინწვისში… ექსკურსიაზე

ჰოდა, დილის 9 საათზე შევიკრიბეთ სკოლასთან. როგორც ნამდვილ, ქართველ, მზრუნველ მშობლებს სჩვევიათ, იკარუსის მსგავსი, მაღალი ავტობუსის საბარგული გავავსეთ შემწვარი ქათმით, ხაჭაპურით, ლობიანით, კიტრი-პომიდვრით, მჭადით, ყველით, ნამცხვრით, ლიმონათით და ა.შ. ჰო, ცხადია, ალკოჰოლური სასმლითაც და დავადეგით ყინწვისის გზას.

დაახლოებით ერთ საათში აღმოვჩნდით უღელტეხილის მსგავს, ვიწრო გზაზე, მთაში. ერთი-ორი მოსახვევის შემდეგ მივხვდი, რომ სერიოზული საფრთხის ქვეშ ვიყავით. ყოველი მორიგი მოსახვევი ავტობუსს ახალ გამოცდას უწყობდა და ფაქტიურად ორ ბორბალზე გადახრილი აგრძელებდა სვლას. მძღოლი არ ეპუებოდა, ბავშვებით გაძეძგილი ავტობუსით აგრძელებდა გზას. ავტობუსი გავაჩერებინე. მშობლების ნაწილი გაწყრა, რა საჭიროა ეს პანიკა, გავაგრძელოთ გზაო. თუმცა, საბოლოოდ, ავტობუსიდან ჩამოვედით და დავადექით გზას ფეხით. საავტომობილო გზას რომ გავყოლოდით, კილომეტრების გავლა მოგვიწევდა. ამიტომ მოკლე-მოკლეზე წავედით, გორა-გორა. ხან ფეხი გვიცურავდა, ხან გვიბრუნდებოდა… მიგვყავდა 10-11 წლის ბავშვები ტყე-ტყე და ზუსტად ვერავინ იტყოდა, შევძლებდით თუ არა ასვლას.

ყინწვისის კომპლექსამდე ოფლიანები და აქოშინებულები ავედით. ფაქტიურად მივხოხდით ეკლესიის კართან და დაგვხვდა კარში პირგამეხებული ბერი. აბა, აბა, უკან დაიხიეთ, შორტებით და შარვლებით აქ ვერ შემოხვალთო. დაფაცურდნენ მშობლები, ზოგმა შარფი შემოახვია ბავშვს შორტზე, ზოგმა რიგრიგობით ჩაიცვა ნათხოვარი ქვედა ბოლო და მოილოცეს ყინწვისი. მე ჩემი ჯინსებით არ შემიშვეს. შარფის მოხვევამაც არ გაჭრა. არც მარიტა შეუშვეს, შარფი არ მოიხურა. არც მჭირდება შესვლაო, გაბრაზდა.

ვისხედით ეკლესიის ეზოში დაღლილები, აქოშინებულები და ველოდებოდით, როდის დაანთებდა პედაგოგი სანთლებს ტაძარში და როდის გამოვიდოდა. არავის აუხსნია ბავშვებისთვის სად ვიყავით, რისთვის ვიარეთ ამდენი, რატომ იყო ეს ტაძარი ისე მნიშვნელოვანი, რომ ამდენი ვიარეთ და ბოლოს მასწავლებლის, რამდენიმე მშობლისა და მოსწავლის გარდა, სხვები რატომ არ შეგვიშვეს. ბოლოს ისევ ინტერნეტმა გვიშველა, დავგუგლე ყინწვისი და წავიკითხეთ მოკლე ინფორმაცია კუნძზე ჩამომსხდრებმა. მოკლედ, წამოვედით გაწბილებულები და დაღლილ-დაოსებულებმა რამდენიმე კილომეტრში დავყარეთ პურ-მარილი, ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებმა ირბინეს, მშობლებმა ალკოჰოლი მოწრუპეს, ვჭამეთ და წამოვედით…

თბილისში მშვიდობით ჩამოვედით. ამჯერად გაგვიმართლა. მაგრამ არ გაგვიმართლა გასულ ექსკურსიაზე, როცა კარგად ნაქეიფარმა მშობლებმა ავტობუსში ცეკვა-თამაში გადაწყვიტეს, მერე ავტობუსის მძღოლმა საავარიო სიტუაციის გამო დაამუხრუჭა და მოკლედ, ერთ-ერთმა მშობელმა ტვინის შერყევაც მიიღო.

ჰოდა, საქმე იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ექსკურსიები მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგთა მიერ ეკლესიების მოლოცვასა და მშობელთა გავლა-გაშრიალებას უკავშირდება და არაფერი აქვს საერთო შემეცნებასთან და ბავშვების ინტერესებთან.

ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ “მოვილოცეთ” ყინწვისი ყოველგვარი წინასწარ გათვლილი მარშრუტის გარეშე, სახიფათო გზაზე, 20-ზე მეტ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და არავინ იყო პასუხისმგებელი ჩვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ რომ ყინწვისის გზაზე ამოვბრუნებულიყავით, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი? პედაგოგი? მშობლები? სკოლის დირექცია? და რაღა მნიშვნელობა ექნებოდა მერე ვინმეს პასუხისმგებლობას?
ექსკურსიების უმეტესობა აი, ასე უპასუხისმგებლოდ იგეგმება და მერე, როცა უბედური შემთხვევა ხდება (სამწუხაროდ, ფატალურიც), ვამბობთ, აბა რას ვიზამთ, ბავშვებს ხო უნდათ ბუნებაში გავლა, მშობლებს გართობა, პედაგოგებს ეკლესიების მოლოცვა?..
04.06.2017

პ.ს. ამ ჩანაწერიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ანუ, დღეს, ბავშვები დაიხოცნენ ექსკურსიაზე.

დებილები ვართ, საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ ვსწავლობთ.”