23 ივნისი, 2018

ნანა ხურითის უმნიშვნელოვანესი მოგონებები სოხუმზე

ნანა ხურითის უმნიშვნელოვანესი მოგონებები სოხუმზესოხუმის თეატრის მსახიობი ნანა ხურითი სოხუმს დიდი სიყვარულით იხსენებს და იმ უმნიშვნელოვანეს დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულად აქცევდა:

,,სოხუმელად იბადებიან, სოხუმელობა გენეტიკურია. მე მგონია, რომ ის თაობაც კი, რომელსაც აფხაზეთი საერთოდ არ უნახავს, მაგრამ იქიდანაა წარმოშობით, უხილავი ძაფებით კავშირი არ გაწყვიტა თავის ფესვებთან… ამ საოცარ, ზღაპრულ ქალაქთან, კუთხესთან… ისინი სოხუმელებად იბადებიან…”

სოხუმში 1986 წელს ჩავედი. ამ დროს ჩემი და, ლილი უკვე სოხუმის ქართულ თეატრში მუშაობდა (გოგი ქავთარაძის ხელმძღვანელობით. რომელსაც ,,ოქროს ხანას” ეძახიან. ამაზე ცალკე დავწერ) გარკვეული წარმოდგენა მქონდა აფხაზეთზე, მაგრამ ნანახი მაინც სულ სხვა აღმოჩნდა. აფხაზეთი ჰგავდა ლამაზ კუნძულს, თავისი სუნით, ბუნებით, გამჭვირვალე ჰაერით.

დილის 7 საათზეც კი ყავის და ზღვის სუნი ირეოდა ერთმანეთში. აი, სხვა ქალაქების სუნს ვერ ვგრძნობ, მე ვერ გეტყვით როგორია მაგალითად, თბილისის სუნი ახლა, მაგრამ მახსოვს ბავშვობის დროინდელი თბილისის სუნი, განსაკუთრებით არდადეგების შემდეგ, როცა ოქროს უბანში შევდიოდი ხოლმე და სოხუმის…. იმ დროს თბილისში არ იყო გარე კაფეები, სოხუმში კი ბლომად ნახავდით. ეს იყო ერთიანი, დარბაზივით ქალაქი, რომელიც შენი იყო, შენად მიიჩნევდი.

დილით ადრე ყველა იწყებდა თავისი კარ-მიდამოს დალაგებას. ის განცდა, რასაც ახლა დემოკრატიას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ეძახიან – საკუთრებაზე ზრუნვის თვალსაზრისით – სოხუმელებს მაშინ ჰქონდათ ძალიან განვითარებული. ვერც ქუჩაში იპოვიდით გადაგდებულ ნაგავს ან რაიმეს უგულოდ გაკეთებულს, ძალიან სუფთა, ლამაზი და მართალი ქალაქი იყო.

წარმოიდგინეთ, დილით ადრე გამოდიხარ, უნდა გამოიარო ,,ჩაი კუკურინო”, სადაც განიხილებოდა მთელი მსოფლიოს ამბები, ანუ ეს იყო დილის დაიჯესტი. თან ჩაი უნდა დაგელია ხაჭაპურით. მერე იქიდან ყველა თავის სამსახურში მიდიოდა. ყველას თავისი საქმე ჰქონდა. შუადღისას, შესვენებაზე, ზოგი ამირანის ყავას მიირთმევდა, ან ,,ნართაში” მიდიოდა. ეს ქალაქი იყო შენი, შენთვის ხელისგულივით გაშლილი და მოვლილი. ,,დიოსკურიაში” ფუჟერებით იყიდებოდა შამპანური, რაღაცნაირი ქალაქი იყო. მე თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, აქ ასეთი რამ არ ხდებოდა მაშინ, იქ კი შეგეძლო, მაგალითად, გოგონებთან ერთად მისულიყავი, თითო ჭიქა შამპანური დაგელია და გესაუბრა.

სოხუმი საინტერესო იყო თავისი კოლორიტი ე.წ. “გიჟებითაც”: ,,სვაბოდა”, ,,მარადონა”, ,,ტოლსტოი”, ჩემი “შეყვარებული” – ,,კოწიკა”. მათ ყველა იცნობდა… ისეთი აზროვნება ჰქონდათ, ბევრ პოლიტიკოსს შეშურდებოდა… ბევრ საინტერესო თემაზე დაელაპარაკებოდი. მათი თავშესაფარი თეატრი იყო, საერთო ენას უფრო მეტად, მაინც ჩვენთან პოულობდნენ.

ეს გარე კაფეები, ყოველდღიური ჩვეულებები, რომელიც ყველა იქ მცხოვრებს აერთიანებდა, ყველაფრის მიმართ, რაღაცნაირად განსაკუთრებული დამოკიდებულება – ქმნიდა სოხუმურ ხასიათს, რასაც სხვაგან ვერ ნახავდით.

სოხუმში, ასეთი თავშეყრის ადგილებზე, განხილვებში არასოდეს არ იყო, მაგალითად, საჭმლის ფულზე და ზოგადად მცირე სოციალურ საკითხებზე საუბარი. არა, იქ გლობალური საკითხები განიხილებოდა, საუბრობდნენ მსოფლიო პოლიტიკაზე, კულტურაზე, სპორტზე. რასაც დღეს ვინატრებდი, დღეს გლობალურ საშიშოებაზე ნაკლებად საუბრობენ, თუმცა აქტუალური გახდა ,,კუჭის საშიშროებაზე” ფიქრი.
საუბარი ისმოდა სხვადასხვა ენაზე: რუსულად, ქართულად, აფხაზურად, სომხურად, ბერძნულად. ჩემი აზრით სოხუმელს, აფხაზსაც და ქართველსაც რუსულ ენაზე საუბრისას, ზუსტად ერთნაირი აქცენტი ჰქონდათ.

ზამთარიც და უამინდობაც კი ძალიან უხდებოდა სოხუმს. თოვლი ბუნების საჩუქარივით იყო, ზღაპარს ჰგავდა თოვლში ჩაფლული ქალაქი, რომელიც თავის სიმწვანეს მაინც არ კარგავდა. პალმებზე იდო თეთრი თოვლი, ზღვა ფერს იცვლიდა და კიდევ უფრო მწვანე ხდებოდა, თოლიები დიდ ფანტელებს ჰგავდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ამ სიცივეში ცხელ ყავას სვამ და სანაპიროს უყურებ, ფანტელები კი ყავაში იყრება… თოლიებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში, ხშირად მიგვქონდა პური. ესეც ცალკე რიტუალი იყო. ამ საოცრებას რომ ვეღარ ვუყურებთ, ძალიან მწყდება გული.
……………
მე რომ ჩავედი, აფხაზური დასიც ჩვენს შენობაში იყო. ამ დროს უკვე გაყოფილები იყვნენ, მაგრამ აფხაზურ თეატრში რემონტი ჰქონდათ და ქართულ თეატრში მუშაობდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ნორმალური სიტუაცია და ურთიერთობები იყო.

მაყურებელი იყო ფანტასტიური, თავიდან თბილისიდან რომ ჩამოვედი, სპექტაკლის ნახვა მოვინდომე და სკამი ჩამიდგეს 800 კაციან დარბაზში, ისეთი აუდიტორია იყო.

სოხუმში ბერძნული თეატრიც ყოფილა ადრე, რომელსაც მე ვერ მოვესწარი, 80-იან წლებში, როცა მე იქ ვმუშაობდი, იყო ქართული და აფხაზური დასები და რუსული მოზარდმაყურებელთა თეატრი.
სამწუხაროდ, ისეთ პერიოდსაც მოვესწარი, როცა აფხაზები აღარ გველაპარაკებოდნენ, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით, ერთმანეთის სპექტაკლებზე აღარ დავდიოდით. ორივე მხარე წამოეგო პროვოკაციას, მერე დაიწყო მიტინგები, ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე მოკლეს ვოვა ვეკუა, იქიდან უკვე განსაკუთრებით აირია სიტუაცია და ბოლოს ომით დამთავრდა ყველაფერი…
……………
სოხუმელად იბადებიან, სოხუმელობა გენეტიკურია. მე მგონია, რომ ის თაობაც კი, რომელსაც აფხაზეთი საერთოდ არ უნახავს, მაგრამ იქიდანაა წარმოშობით, უხილავი ძაფებით კავშირი არ გაწყვიტა თავის ფესვებთან… ამ საოცარ, ზღაპრულ ქალაქთან, კუთხესთან… ისინი სოხუმელებად იბადებიან…”