18 ივნისი, 2018

მაღალაანთ კოშკი სავალალო მდგომარეობაშია

მაღალაანთ კოშკი სავალალო მდგომარეობაშიაკავთურის ხეობაში მდებარე მაღალაანთ კოშკი სავალალო მდგომარეობაშია. კოშკის კედლებზე გაჩენილი ბზარები მოწმობს, რომ ძეგლს დანგრევა ემუქრება.

ინფორმაციას ექვთიმე კოჭლამაზაშვილი ავრცელებს:

“მაღალაანთ კოშკი წარმტაცი სანახავია. მშვენიერი აღნაგობით გვხიბლავს როგორც გარედან, ისე შიგნით.

კედლებში ჩატანებულია გველეშაპის გამგმირავი წმიდა გიორგის ორი რელიეფი (სხვადასხვა ფერის ქვებზე ამოჭრილი) და ერთიც ლაპიდარული წარწერა.

კავთურის ხეობაში სხვა რომ არაფერი იზიდავდეს მნახველის თვალს, მარტო ამის სანახავად ღირდა მრავალი ათეული და ასეული კილომეტრის გამოვლა.

კოშკი ჯერ კიდევ გამართული დგას, მაგრამ სავალალო დღეშია. კედლებში ბზარი გაჩენილა და კოშკს დანგრევით ემუქრება.

თუ საჩქაროდ არ გამაგრდა, კედლის ბზარები კიდევ უფრო გაიზრდება და კოშკიც ჩამოინგრევა.

პირველად რომ ვნახე (40 წლის წინათ) და 10 წლის წინათაც ეს ბზარები არ არსებობდა და რაკი გაჩნდა, ჩანს, ნგრევის პროცესიც დაწყებულა.

სამწუხაროა, რომ ამისთანა მშვენიერი ძეგლი სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული. ჩვენი სიძველის ძეგლები ჩვენ თვალწინ იღუპება. ჩვენ კი დანაშაულებრივად ვდუმთ.

თანამემამულენო, ამ დროს გულგრილობა დანაშაულია…

სანამ დროა, უნდა შეკეთდეს დანგრევის პირას მისული უსიტყვოდ მეტყველი ძეგლები ჩვენი წარსულისა; მაღალაანთ კოშკი ერთი მათგანია.

კმარა, რაც გარეულმა თუ შინაურმა მტრებმა დაგვინგრიეს; ახლა მზესა და წვიმას (რაც, თავისთავად, დიდი სიკეთეა და ღმრთის წყალობა!) ნუ დავანგრევინებთ შემორჩენილ სიძველეებს.

უნდა შეკეთდეს-მეთქი, ვამბობ, მაგრამ თავისთავად ვერ შეკეთდება ისინი; ვერც ერთი-ორი მოხალისის ენთუზიაზმი უშველის საქმეს; ძეგლი უნდა შეაკეთოს იმან, ვისაც ეს ევალება.”