13 ივნისი, 2018

გურამ ქართველიშვილი: “სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია”

გურამ ქართველიშვილი ქართული კულტურის დაკნინებაზე– დღეს ჩვენ არნახულად გვჭირდება ქვეყნის სამსახურში მდგომი ქართული კულტურა, რომელიც უძლიერესი იარაღია, – აცხადებს მწერალი გურამ ქართველიშვილი და აქვეყნებს ჩანაწერს ,,კულტურის გარეშე დარჩენილი ქართველობა”:

“ქართველობისთვის უმძიმეს დროებში, როგორი ეპოქებითაც სავსეა ჩვენი ისტორია, ხელოვნება მუდმივად იდგა ერის სამსახურში… ხელოვანთა ბრძოლა ქმნიდა და ასაზრდოებდა მუდამ მტრისადმი დაუმორჩილებლობის სულს… ამის მტკიცება და მაგალითების მოყვანა კი აქ ზედმეტად მიმაჩნია, რადგან არ არსებობს ჩვენ წარსულში ესოდენ მრავალი ყოფნა-არყოფნის ფურცელი, სადაც ქართული კულტურა არ იდგა ბრძოლის წინა ხაზზე…

ნეოლიბერალთა მმართველობამ ამ სასიცოცხლო ძალის განეიტრალებაც წარმატებით შეძლო, რადგან მტრის ხმალთან, ბორკილთან, გადასახლებასთან და ათას რეპრესიულ მანქანასთან ქედმოუხრელი ქართული კულტურა, ერთობ მორჩილი აღმოჩნდა სოროსული ფულის წინაშე. გარდა იმისა, რომ ნეოლიბერალებმა მოხერხებულად შეძლეს აფსურდულ ფასეულობებზე ,,მუზამომდგარ”, ხელოვანთა კასტის შექმნა, მათ მთლიანად გაანეიტრალეს ჭეშმარიტი ქართული ხელოვნება…

სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი თეატრის, კინოს, მწერლობის, მხატვრობის და სხვა მიმართულებების ,,ღირსეულებმა”, მთლიანად ამოიღეს თავის მუზათა სამყაროდან ეროვნული თემატიკა და ქართულ ფასეულობებს ჩამორჩენილობის იარლიყი თვითონვე მიანიჭეს. ასეთი იყო დროის დაკვეთა და წამოვეგეთ… ვის ვის და მე ნაკლებად მესწავლება ეს რადგან, ძირითადად ქართულ თემაზე მომუშავეს ცოტა მახსოვს ადამიანი, ვინც რამით გვერდზე დამდგომია და წყალი დაუსხამს ქართულ საქმეზე….

მიუხედავად ანშლაგებისა და წარმატებისა, ქართული თეატრის მესვეურებმა არაერთხელ მოუხურეს კარი ქართულ საქმეს, ხოლო ტელევიზიებზე აღარაფერს ვამბობ, სადაც პირდაპირ ნაჯახით მოიჭრეს ძლივს ფეხადგმული ქართული საქმე….

ქართულ კულტურას ,,პრადვინუტული” სუნი აუვიდა და იმ ჭაობს დაემსგავსა, საიდანაც ბაყაყების ყიყინიღა ისმის… არადა, ერის სული მის კულტურაშია და როცა ის სხვის დაკრულზე იწყებს ცეკვას, ერი უპატრონოდაა დარჩენილი და სული უღარიბდება…

დღეს ჩვენ არნახულად გვჭირდება ქვეყნის სამსახურში მდგომი ქართული კულტურა, რომელიც უძლიერესი იარაღია.”