14 ივნისი, 2018

გოდერძი ჩოხელი: ”დავრჩენილიყავი იმ ჩოხში და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი გლეხი”

გოდერძი ჩოხელი: ”დავრჩენილიყავი იმ ჩოხში და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი გლეხი”– იცით, რას ვნატრობ?! დავრჩენილიყავი იმ ჩოხში და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი გლეხი. არ გამეგო იმდენი რაღაც, რაც უნდა გამეგო და არ დამმართნოდა ეს. მეცხოვრა იმ გათენებით და დაღამებით… – ამბობდა მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი.

“არტინფო” ხელოვანის ჩანაწერების მცირე ნაწილს გაგაცნობთ:

***

“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი?! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არც ერთი აქვს და არც მეორე…”

***

“ამბობენ, სიკვდილის წუთებში, რაც კი რამ ქვეყანაზე ჩაუდენია ადამიანს, ყველაფერი თვალწინ დაუდგებაო და…
ღმერთო! რა ძნელი გასაძლისი იქნება ეს წუთი…
უგულო ალბათ მაშინაც ისევ უგულოდ შეხვდება უგულობით ჩადენილი ცოდვის ხილვას, მაგრამ… იქ აღარ გადის უგულობა…
ბოლო წამი ჩვენ აღარ გვეკუთვნის…”

***

“იცით, რა ცუდად ვარ?! ღამით რომ დავწვები, ათას რამეს ვფიქრობ. ფილმების გადაღება მინდა, უამრავი გეგმა მაქვს, მაგრამ რომ გავიღვიძებ და ვხედავ არაფრის საშუალება არ არის, საშინელ ხასიათზე ვდგები. ექიმები ამას დეპრესიას უწოდებენ, მე კი კინოს გადაღება მინდა.”

***

”მართლა მინდა კარგად ვიყო, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვიყო ჯანმრთელად, იმიტომაც, რომ ამდენ ადამიანს უნდა, რომ კარგად ვიყო, მე კი ძალაუნებურად გულს ვწყვეტ. მინდა მთაზე ასვლა შემეძლოს და კიდევ დავიღალო ფერდობებზე სიარულით ისე, როგორც ადრე. ცხოვრება ასეა, ზოგი ხარივით წვება სასაკლაოზე, ზოგი კი ისეთია – დაჭრილიც გარბის… მე ხარი მინახავს, უკვე ყელში ხანჯალი ჰქონია გაყრილი, ყასაბს დასხლტომია, წამომხტარა და გაქცეულა… ასე იცის სიცოცხლის წყურვილმა! მირჩევნია, ასეთი ხარივით ვიყო, ამის ძალა მომეცეს… აბა, რა ვიცი, როგორ გამიგებთ ამ ოცნებას“.