2 მაისი, 2018

თენგიზ არჩვაძე: “მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე…”

თენგიზ არჩვაძე: "მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე..."მსახიობ თენგიზ არჩვაძეს გასახსენებელი და მოსაგონარი ბევრი აქვს, თუმცა ისტორია, რომელიც მას და კომპოზიტორ რეზო ლაღიძეს უკავშირდება, შეიძლება დღეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყოს.

თენგიზ არჩვაძე:

“მე და რეზო ლაღიძეს ერთხელ გვითხრეს, პარიზში უნდა წახვიდეთ, ფესტივალზე გაიმარჯვეთ და პრიზებით გაჯილდოვებენო.
დაგვიბარეს “კაგებეში” და თავიანთ პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს… შეგვიყვანეს ერთ ოთახში, სადაც სავარძელში მჯდარი ჩინოვნიკი დაგვხვდა. ჩვენთვის სკამიც არ შემოუთავაზებია, პირდაპირ შეუდგა ანკეტის შევსებას:
– სახელი?
– რევაზი, ბატონო!… რეზოს მეძახიან.
– გვარი?
– ლაღიძე.
– პროფესია?
მეგობარმა, რომელიც თან გვახლდა, ვეღარ მოითმინა და გაკვირვებულმა განმარტება სცადა:
– კომპოზიტორია, ბატონო, ნუთუ “თბილისო” მაინც არ…
პოლკოვნიკმა მეგობარს სიტყვა არ დაამთავრებინა და იმავე კითხვებით მე მომმართა.
ანკეტის შევსების შემდეგ მე და რეზოს რაღაც ნემსები გაგვიკეთეს, იმხელა შპრიცები იყო, ახლაც შიშით მახსენდება. როგორც იქნა, ჩავსხედით მე და რეზო თვითმფრინავში, ჯიბეში 200-200 დოლარი გვიდევს და სადაცაა გავფრინდებით.
რეზო შეფიქრიანებული მეკითხება:
– კაცო, ეს 200 დოლარი რაში გვეყოფაო?!
მე ვამშვიდებ:
– შენი 200, ჩემიც 200, უკვე ოთხასია! პარიზში რომ ჩავალთ, იქაური ქართველები გვნახავენ და გვიპატრონებენ-მეთქი.
ამ ლაპარაკით ვართ გართულნი და ასაფრენად დაქოქილ თვითმფრინავს ტრაპი ისევ მოაყენეს და მე და რეზო ჩამოგვსვევს… ბუნებრივია, ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.
რეზო ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ამ ამბის გამხელის უფლება არ მისცემია, მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე.”