22 მაისი, 2018

რობერტ სტურუა: “მუხლმოდრეკილი გევედრებით”

რობერტ სტურუა: "მუხლმოდრეკილი გევედრებით"რეჟისორი რობერტ სტურუა სენტიმენტალურ მიმართვას ავრცელებს და თავის კოლეგებს ახალგაზრდებად დარჩენის საიდუმლოს უმხელს:

“სენტიმენტალური მიმართვა რეჟისორებს

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თეატრის სიყვარულით გაწამებულნო, ხანდაზმული კოლეგა მუხლმოდრეკილი გევედრებით, თუ გვინდა ახალგაზრდებად დავრჩეთ, დავივიწყოთ ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები (რაღა თქმა უნდა, თუ კიდევ შეგვრჩა მათი შეფასების უნარი) და უფრო მეტიც – კი არ დავივიწყოთ, შევიძულოთ ჩვენი შედევრები.

ნუ დავტკბებით ჩვენი მიღწევებით! რაც არ გამოგვივიდა, რაშიც კრახი განვიცადეთ, სამუდამოდ ჩავიბეჭდოთ ტვინში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, სულ ახალს უნდა ვეძებდეთ, არ უნდა გავჩერდეთ…

ღმერთო ჩემო, რეებს ვბოდავ, მაგრამ რა ვქნა, ასაკი მაინც თავისას შვრება-სიბერეში ერთობ რომანტიკული გავხდი.

P.S. ძალიან გთხოვთ, არც ოფიციალურად და არც კერძო საუბრებში, სიტყვა არ დაძრათ ჩემთან „კავკასიურ ცარცის წრეზე“.