Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლია ხუგაშვილი გარდაიცვალა

ლია ხუგაშვილი გარდაიცვალამუსიკოსი და პიანისტი ლია ხუგაშვილი გარდაიცვალა. მან მთელი თავისი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა და აკომპანირებას უწევდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებს – ნანი ბრეგვაძეს, გოგი დოლიძეს, ეკა მამალაძეს…

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

“ძალიან ცუდი ამბავი გავიგე… გარდაიცვალა საოცარი მუსიკოსი, ჰარმონისტი, შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ლია ხუგაშვილი. ყველას გვახსოვს მისი გამორჩეული უთანამედროვესი აკომპანირება განსაკუთრებით გოგი დოლიძისათვის, ნანი ბრეგვაძისათვის, ეკა მამალაძისათვის და ბევრი ქართველი მომღერლისთვის!

ქალბატონი ლია იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო სუპერთანამედროვე და იმავდროულად დარჩე ეროვნული ტრადიციების ჩარჩოებში! უფალმა გაანათლოს მის სპეტაკი სული.”

დავით არჩვაძე, მომღერალი, კომპოზიტორი:

“დაგეგმილი გვქონდა თანამშრომლობა და ვერ დამცალდა, სამწუხაროდ… იმის გარდა, რომ ერთ-ერთი სასწაული პიანისტი იყო ქართული რომანსის და საესტრადო მუსიკის, ასევე იყო ცოცხალი მემატიანე და სასწაულ მასალას ფლობდა (ბაგაჟს რო ვეძახით) და როგორ გული მწყდება, რომ ვერ მოესწრო ბევრი რამის განხორციელება.
ღმერთმა აცხონოს მისი ლამაზი სული. უსპეტაკესი და უინტელიგენტესი ადამიანი იყო.”

ნეკა სებისკვერაძე, მომღერალი:

“ქალბატონი ლია ხუგაშვილი… მუსიკოსი, რომლის მსგავსად არავინ აზროვნებდა, მისი ჰარმონია სხვისას არასდროს ჰგავდა, მისი ბგერა სულ სხვანაირად ჟღერდა… ძალიან დააკლდება მუსიკალურ სამყაროს… ისეთი გულით იცოდა ნამღერის შეფასება, დიდ ძალას და სტიმულს გაძლევდა, საოცრად უყვარდა ახალგაზრდები.
ბოლო შეხვედრისას ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის რომანსი შევასრულეთ ერთად, არასდროს დამავიწყდება როგორი სიფრთხილით ეკიდებოდა თითოეულ ბგერას…

ქალბატონო ლია, ჩემი დიდი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა თქვენს პიროვნებას და თქვენს შემოქმედებას.”

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

“რამდენიმე წლის წინ, მოვიდა ჩემთან ახლოს და მითხრა, ძალიან მომწონს შენი ნამღერიო. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, მიუხედავად ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი ზღვარისა, ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მოსწონდა რომ არ ვაგვიანებდი არასოდეს რეპეტიციაზე. მირეკავდა, ხშირად უსმენდა დილით ჩემს ეთერს და თუ კარგი ეთერი იქნებოდა, აუცილებლად მირეკავდა ხოლმე. რეპეტიციაზე რომ მივდიოდი, სულ მეკითხებოდა, რამე ხომ არ მაკლდა, ან ხომ არ მჭირდებოდა, ლიფტის ფულსაც კი მთავაზობდა სულ. ეხლა მოვამზადე კერძი, თუ გშია არ მოგერიდოსო….

ასეთი სიმსუბუქე, ასეთი აზროვნება, ასეთი ინტელექტი, ასეთი მიდგომა, ასეთი გრძნობა მუსიკის, მომღერლის, კომპოზიციის დრამატურგიის, განვითარების, არაორდინალური გადაწყვეტის… არ უყვარდა ბანალურად დაკვრა, სულ მეკითხებოდა აქ ასე ხომ არ ჯობიაო და ალტერნატივასაც მთავაზობდა.

არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ძალიან, ძალიან მწყდება გული; ბოლოს დამირეკა, სიმღერა გვქონდა ჩასაწერი. შეუძლოდ რომ გახდა, ვერ ვრეპეტიციობდით, ძალიან ცუდად ვარო, ძალიან დავსუსტდიო, წონაში ისე დავიკელი, აღარც მიკეთებენ ექიმები არაფერს, ვიდრე არ მოვღონიერდები ცოტასო. როგორ ველოდებოდი რომ დამირეკავდა ჩემი ლია დეიდა და მეტყოდა, უკვე კარგად ვარ და დავიწყოთ მეცადინეობაო…

მომენატრები დეიდა ლია. დამაკლდება საოცრად გაწონასწორებული, სამართლიანი, მოწესრიგებული, კოპწია, საყვარელი და უნაკლო ქალბატონი.

დიდი მადლობა დეიდა ლია ყველაფრისთვის… დიდი სიყვარულით შევინახავ იმ ყველა წიგნს, ნოტს, ჩანაწერებს და ნივთებს რომელიც მაჩუქეთ…”

Gepostet von Sukhita Karaleli am Samstag, 19. Mai 2018