13 მაისი, 2018

ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

ბაადურ წულაძე გარდაიცვალა83 წლის ასაკში მსახიობი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა. მსახიობი 50-მდე ფილმში იყო გადაღებული. მისი დებიუტი კინოში შედგა მიხეილ კობახიძის ფილმში “ქორწილი”, რასაც მოჰყვა ფილმები ”გიორგობისთვე”, ”ცისკრის ზარები”, ”არ დაიდარდო!”, ”ფერისცვალება”, ”ვერის უბნის მელოდიები“, ”პეპელა”,  ”პირველი მერცხალი”, ”ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”, ”ფესვები”…

ინფორმაცია ბაადურ წულაძის გარდაცვალების შესახებ კინოდოკუმენტალისტმა ოლგა ჟღენტმა გაავრცელა:

“ამ დილას შეგვატყობინეს, ბაადურ წულაძე გარდაიცვალა…

ბოლოს რომ ვნახე, მძიმე სენისგან დასუსტებულმა, კინოზე ჩამომიგდო საუბარი, თავისი საყვარელი ფილმები გაიხსენა – ფელინი, ბილი უაილდერი და ჯარმუში… მოულოდნელად გახალისდა.

კინო უყვარდა ყველაზე მეტად და მშობლიური ბათუმი… და, რა თქმა უნდა, ლედი – მისი ერთადერთი და… ბოლოს მკითხა: შენი ფილმი ხომ არის ინტერნეტშიო? “ბადურ, ეს ფილმი მთლიანად შენია, შენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა-მეთქი”, – ვუთხარი….

ახლა ბათუმში ვარ, წვიმს… ბათუმი ემშვიდობება ბაადურ წულაძეს.”