Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უჩვეულო სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

უჩვეულო სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრშიმოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პატარებს უჩვეულო სპექტაკლის პრემიერაზე იწვევს. 6, 9, 12 და 13 მაისს , ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რადიარდ კიპლინგის მოთხრობის მიხედვით შექმნილი ინტერაქტიული სპექტაკლი „ავაზას ლაქები“, რომლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორია კოტე მირიანაშვილი.

წარმოდგენა პატარებს იმ უხსოვარი დროის ამბავს მოუთხრობს, როდესაც ყველა ცხოველი ერთფერი იყო. სპექტაკლის სანახავად მისულ ბავშვებს დარბაზში შესვლამდე კაპელდინერები ფერად-ფერადი ბახილებით მოსავენ. მწვანე ხალიჩის გავლით კი დიდ, თეთრ სივრცეში აღმოჩნდებიან, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას თანდათან „ფერადდება“. ბავშვები უბრალო მაყურებლებიდან წარმოდგენის მონაწილეები ხდებიან. ისინი ეხმარებიან მსახიობებს და სიუჟეტის განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

სპექტაკლში გამოყენებულია ვიდეო-პროექცია, მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც მსახიობები თავად უკრავენ. წარმოდგენას შემეცნებითი დატვირთვაც აქვს- ბავშვები მათთვის გასაგებ ენაზე გაიგებენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა მიგრაცია, მიმიკრია, ფლორა, ფაუნა და სხვა.

ასეთი სახისა და ფორმის ინტერაქტიული სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის პირველი მცდელობაა, რომელიც გათვლილია 3 წლიდან ასაკის ბავშვებზე.

სპექტაკლის დამდგმელი მხატვარია ნუცა-ნინო ჭყონოია, მუსიკალური გაფორმება სანდრო კუჭუხიძეს ეკუთვნის, ანიმაცია – გიორგი ჭანტურიას. ლექსის ავტორი ეკატერინე შარიქაძეა, რეჟისორის თანაშემწე კი ნათია ბოშიშვილი.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ ანა ზამბახიძე, თამარ ლორთქიფანიძე, თამარ ტყემალაძე, ეკატერინე შარიქაძე, თეკლა ჯავახაძე, ლაშა გრძელიძე, გიორგი ოქრუაშვილი, გიორგი შავგულიძე და გიორგი ჯიქურიძე.

სპექტაკლში გამოყენებულია თბილისის მწვანე სკოლის გვირილების და ბურთის კლასების მოსწავლეთა ნახატები.

„ავაზას ლაქები“ ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.