4 მაისი, 2018

გაიცანით ფრანჩესკო მარია მაჯო – ქართული გრამატიკის პირველი ავტორი

გაიცანით ფრანჩესკო მარია მაჯო - ქართული გრამატიკის პირველი ავტორი– ეს არის ფრანჩესკო მარია მაჯო, ქართული გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი, ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას მან ჩაუყარა საფუძველი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პალერმოელმა ღვთისმსახურმა თვით რომის პაპისაგან მიიღო საგანგებო დავალება – საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა, – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია და საზოგადოებას ახალგაზრდა პალერმოელ ღვთისმსახურს აცნობს:

“გინახავთ? იცით ვინ არის ეს სათნო სახის ახალგაზრდა?! თითქოს ტოლერანტი ერი ვართ, თითქოსდა ჩვენში დიდია მადლიერების გრძნობა, თუმცა ზოგჯერ სახეზეც კი არ ვიცნობთ იმ დიდ ადამიანებს, რომლებმაც განუსაზღვრელი ღვაწლი დასდეს ჩვენს ქვეყანას…

ეს არის ფრანჩესკო მარია მაჯო, ქართული გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი, ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას მან ჩაუყარა საფუძველი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პალერმოელმა ღვთისმსახურმა თვით რომის პაპისაგან მიიღო საგანგებო დავალება – საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა.

1637 წლიდან ის საქართველოში ცხოვრობდა, ქვეყანაში ყოფნის არცთუ ისე ხანგრძლივი დროის მანძილზე მაჯომ არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ამ ენის გრამატიკული წყობის შესახებ. მაჯოს წიგნმა “მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის გრამატიკული წყობის საფუძვლების ევროპელ მკითხველთათვის გაცნობაში.”
ჰოდა, ამ კაცის პორტრეტი მინიმუმ ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ დარბაზში უნდა ეკიდოს, მის პორტრეტს ბავშვები სახელმძღვანელოებში უნდა ხედავდნენ, ჩვენ უნდა ვყელყელაობდეთ, რომ ჩვენი ენის გრამატიკის შესწავლას ევროპელმა ჩაუყარა საფუძველი….

სანაცვლოდ? სანაცვლოდ არაფერი…. ის კი არა, არჩილ გელოვანი რომ არ ყოფილიყო, ამ პორტრეტს დიდხანს ალბათ ვერ ვნახავდით, მისი დამსახურებაა რომ მაჯიოს პორტრეტის ორიგინალი საქართველოში ჩამოვიდა, ერთ-ერთ აუქციონზე შეისყიდა და ჩამოიტანა… ჩამოიტანა იმისათვის, რომ ნამდვილი ისტორია გავითავისოთ, საკუთარი ნაჭუჭიდან გამოვიდეთ და თვალსაწიერი გავიფართოვოთ, ნამდვილი ტოლერანტები გავხდეთ და პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ღვაწლი დასდო და მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ აღმსარებლობისა, ისინი შევიყვაროთ!”