12 მაისი, 2018

აზერბაიჯანული თეატრი ავარიულ შენობაში პრემიერებზე მუშაობს

აზერბაიჯანული თეატრი ავარიულ შენობაში პრემიერებზე მუშაობსაზერბაიჯანული თეატრი სეზონს ორი პრემიერით დახურავს. ავარიული და ამორტიზებული შენობა, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის არარსებობა და მთლიანად მოშლილი და განადგურებული ინფრასტრუქტურა, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მუშაობას ხელს არ უშლის. მსახიობები და ადმინისტრაციის წევრები, ამ თეატრის სიყვარულით არ უშინდებიან რეპეტიციებზე სიარულს და ახალ სპექტაკლებზე ძირგამომპალ შენობაში სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობას.

თბილისის აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები, რომლებსაც მრავალი და მრავალფეროვანი როლები აქვთ შექმნილი, ფაქტობრივად მოხეტიალე შემოქმედებით ცხოვრებას ეწევიან, მართავენ გასვლით სპექტაკლებს მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, გარდაბანში… მონაწილეობენ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში. თეატრს, მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზიც!

აზერბაიჯანული თეატრის თანამშრომლებს, წარმატებები და ახალი შემოქმედებითი რიტორიკა აძლევს ძალას, გამბედაობას და მოტივაციას იყვნენ ერთად და ერთსულოვანნი თეატრის აღორძინების საქმეში!

თეატრში, ამჟამად, ორ ახალ პიესაზე მუშაობენ. აქვსენტი ცაგარელის „ოინბაზს“ კობა სხილაძე დგამს, ხოლო სემა გიოქთაშის „ჯურღმულში“ ახალ სასცენო ინტერპრეტაციას დავით ნიკოლაძე წარმოადგენს. სპექტაკლებში შეილა ჯაფაროვა, აიდა თაგიევა, ლეილა კასუმოვა, ფაზილ ბაირამოვი, აზერ ალიევი, ბინალი აკიპოვი, ანარ გუმბათოვი და ბათუჰან ერქუთი (თურქეთი) არიან დაკავებულნი. რეპეტიციები დილით და საღამოს მიმდინარეობს.

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პრემიერები გაიმართება საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში. ახალ სეზონზე კი ამ სპექტაკლებით დასი თურქეთის რესპუბლიკაში გასტროლების გამართავს გეგმავს.