5 აპრილი, 2018

ეკა ქევანიშვილი – მეშახტის ცოლის სიმღერა

ეკა ქევანიშვილი - მეშახტის ცოლის სიმღერაპოეტი და ესეისტი ეკა ქევანიშვილი თავის ჩანაწერში “მეშახტის ცოლის სიმღერა” ერთ-ერთი რიგითი მეშახტისა და მისი ცოლის ყოველდღიურობას აღწერს.

ესსე ნამდვილად შთამბეჭდავია და მასში მეშახტისა და მისი მეუღლის სასტიკი რეალობაა აღწერილი:

“ამაღამ გვიან მოვა ჩემი კაცი.
ჩემი შებოლილი ქმარი. და მისი კბილები თეთრად გაიელვებს.
კბილებით შემიძლია ჩემი ქმარი სხვებისგან გამოვარჩიო.
როცა გავიცანი, თეთრი კაცი იყო, ახლა რაღაცნაირი მტვრისფერი გახდა.
ხმაშიც თითქოს დაფხვნილი რკინა გაერია. თვალებში გავარვარებული ზეთი უპრიალებს.
იცვლება ჩემი ქმარი, როცა გრძელი გვირაბიდან ამოდის. როცა სააქაოს ბრუნდება.
აი, სადაცაა მოვა. ამოგანგლული შემოაღებს კარს და მოიტანს სუნს.
დედამიწის შუაგულიდან წამოღებულს. სხვა მისნაირი დაქანცული კაცების.
მოვა – ცალ ხელში ცარიელი კონტეინერებით, მეორეში გამურული პურით.
პურსაც გადაედო ჩემი ქმარი. ჩემ გარდა, ისიც გააშავა: გზაში ცოტა ჩამოუტეხავს,
ეტყობა, მოშივდა.
დაჯდება მაგიდასთან და ზის.
ელოდება წვნიანიან თეფშს, რომელსაც მოჰყვება ჩემი რამდენიმე მოსასწრები წინადადება ბანკის ვალებსა და მაღაზიის ნისიასა და მეზობლის ბავშვის ახალ ფეხსაცმელსა და ჩვენი შვილების დაძველებულ ჩანთებზე. სასოწარკვეთაზე.
დაჯდება და იყურება ფანჯარაში, ცისკენ.
ცა მენატრება – მეტყვის და დადუმდება.
ამაღამ გვიან მოვა ჩემი ქმარი და დაყრის გასარეცხ ტანსაცმელს.
და ზამთრის ყინვაში შეაღებს ფანჯარას.
ჰაერი მენატრება, – იტყვის და დადუმდება.
და მე ვეღარაფერს ვეტყვი სახატავ რვეულებსა და შოკოლადებსა და წიგნებსა და
ახალ კაბებსა და აი, იმ ვიტრინაში გამოდებულ ყელსაბამსა და საერთოდ,
ადამიანურად ცხოვრებაზე.
მხოლოდ გავიფიქრებ – ნეტა ხელი და ფეხი სულ ჰქონდეს ჩემს ქმარს, რომ
შახტში ჩავიდეს.”