1 აპრილი, 2018

მარინა ივანიშვილი ხელოვნების სასახლეში გამოფენას გამართავს

მარინა ივანიშვილი ხელოვნების სასახლეში გამოფენას გამართავს2 აპრილს 19 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში მოქანდაკე, გრაფიკოსი და ხატმწერი მარინა ივანიშვილი პერსონალურ გამოფენას გამართავს.

მარინა ივანიშვილმა 1970-1976 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.

მას ჰქონდა 22-მდე ჯგუფური და 3 პერსონალური გამოფენა: 1999 წელს – გალერეაში “ორიენტი”, თბილისი, საქართველო; 1997 წელს – ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში, თბილისი, საქართველო (ექსპოზიცია საჩუქრად გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას, რათა საფუძველი ჩაყროდა ბიბლიოთეკის კოლექციას) და 1991 წელს – ქალთა კულტურის ცენტრში, ჰამბურგი, გერმანია.

ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და ყოფილი სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს ფონდებში, ასევე კერძო კოლექციებში (ჯონატან პული, ფედერიკო მაიორი, პიერ პუპარი, ა. შტენზელ, რ. ოატ, ს. ზურაბაშვილი, თ. ჯორჯაძე, ვ. ქუთათელაძე, ალ. ფლორენსკი, გ. ზალდასტანიშვილი, თ.იაკობაშვილი, ბ.ივანიშვილი, ალ. ბატონიშვილი, დ. იოსელიანი და სხვათა კოლექციები).

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქანდაკებები და გრაფიკული ნამუშევრები.

მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 აპრილიდან 10 აპრილამდე გაგრძელდება.