13 აპრილი, 2018

ლექსები სიყვარულზე

ლექსები სიყვარულზეპოეზიაში ყველაზე მეტი ლექსი სიყვარულზეა დაწერილი. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, დედამიწას სიყვარული ატრიალებს და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო.

”არტინფო” გთავაზობთ ლექსებს სიყვარულზე:

ალექსანდრე ჭავჭავაძე – “სიყვარულო, ძალსა შენსა”:

“სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეზრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა რეჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის!

 

გრიგოლ ორბელიანი – “მუხამბაზი”:

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი – შენი ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ!
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ,
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: რა ლამაზი ხარ”!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

რტო ალვისა, შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები – ცაში ელვა მგონია,
ვარდის სუნთქვა, – შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვსთქვა: “გეთაყვა, ჩემი ხარ?”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვსთქვა – შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: “აგრე რათა ხარ?”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლებს, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ! –
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: “ძვირფასი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

 

ილია ჭავჭავაძე – “რისთვის მიყვარხარ”:

რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა
ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული;
მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა
უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.
რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა;
მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას
და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.

 

აკაკი წერეთელი – “მუხამბაზი”:

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!

ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ… დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები!
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია:
საუკუნო მეგობრობის მცველია!
ახალი კი დროებითად მწველია
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე!.. მოიფარე ფარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!

ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?
ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,
თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,
შენი სახე მაინც ჩემ თვალთ წინ არი;
თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?
ვეხეტები გზა-და-კვალდაბნეული!
ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!
გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..
სჯობს, შევრიგდეთ!.. ფეხ-ქვეშ დაგივარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

 

ვაჟა ფშაველა – “სიყვარული”:

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!”
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

 

იეთიმ გურჯი – “შუა წყალში გადამაგდე ნავიდან”:

შუა წყალში გადამაგდე კარგი იყო, არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან,
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ…
როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია,
მე რომ ვტირი, შენთვის სიხარულია.
ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,
ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.
თვალებს დამთხრი? – ფეხქვეშ ჩაგივარდები!
რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები?
რომელ მსაჯულს ვკიხთო სამართალია,
ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!