1 აპრილი, 2018

ზურაბ ქაფიანიძე – მსახიობი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია

ზურაბ ქაფიანიძე - მსახიობი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელიაზურაბ ქაფიანიძე თავისი სიალალით კოლეგებს განსაკუთრებულად უყვარდათ. მაყურებლები კი მისი ბუხუნა ხმით და საოცარი იუმორით იხიბლებოდნენ.

პოეტი დავით შემოქმედელი ზურაბ ქაფიანიძეს იხსენებს და მას საქართველოში საქართველოს უწოდებს.

დავით შემოქმედელი:

“დღეს ქართველი ხალხის უსაყვარლეს მსახიობს, ზურაბ ქაფიანიძეს 80 წელი შეუსრულდა. მახსოვს, ერთხელ სადღეგრძელოში ვუთხარი: საქართველოში საქართველო ხარ-მეთქი!.. და ბავშვივით დაიმორცხვა.

დავდივარ დღევანდელ ზნეობამორყეულ და სულიერებადაცლილ სამშობლოში და გული მტკივა, რომ ზურაბის გულისდარი კაცების ნაკლებობაა საქართველოში.

ჩემი ერთი ეს ძველი ლექსიც მის ხსოვნას:

მთაკაცი
/ზურაბ ქაფიანიძეს/
მთას ბეჭი სტკივა მეხის ნახმლევი,
იშუშებს დაღლილ ბებერ იარებს,
მთას სულზე აწევს ღრუბლის ნახევი,
მდინარეც ხევში გაბმით ღრიალებს.
ჩახჩახებს დილა მზის ღუმელიდან
თუ ფშავის ლორთქო მოლზე ირთხმები,
იხსნება ზეცა და შუმერიდან
მხრებზე ისხამენ წარსულს მითები.
ცრემლნარევ ზარებს მოთქმა მოჰქონდათ,
გახსოვს?! არაგვთან მთვარეს რომ მთხოვდი,
საქართველოში – საქართველო ხარ,
და დედალიბოს შეზრდილი ლოდი.”