4 აპრილი, 2018

გაიცანით სულ სხვანაირი გელა ჩარკვიანი

გაიცანით სულ სხვანაირი გელა ჩარკვიანი გელა ჩარკვიანი ჟურნალისტებისთვის და მკითხველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესპოდენტია. როგორც თავად ამბობს, ცდილობს ყოველთვის გულახდილი იყოს.

“არტინფო” გთავაზობთ გელა ჩარკვიანის ბილც ინტერვიუს საკუთარ თავთან, რომელშიც ირაკლი ჩარკვიანის ბლიც ინტერვიუს კითხვებია გამოყენებული.

“მაღიზიანებს – როცა ამბობენ რაგბს და არა რაგბის;
ვგრძნობ – სამყაროს გულისცემას;
მეშინია – ლომის ღრიალის. საზარელია. პირველად პატარობისას გავიგონე ზოოპარკში;
ვიცი – სოკრატე ამბობდა არაფერი ვიციო და მე რა უნდა ვიცოდე;
არ ვიცი – მთავარი, თუ რა არის ჭეშმარიტება;
შემიძლია – სიყვარული;
არ შემიძლია – ბევრი რამ, მათ შორის ფიგურული სრიალი;
ვმეგობრობ – ჩემ 19 წლის კატასთან;
ვაპატიებ – ვინც კი მთხოვს პატიებას;
ვიცინი – ადამიანების სნობიზმზე;
ვტირი – მხოლოდ პირადი აპოკალიფსის წუთებში;
ვეძებ – ჩემნაირ ადამიანს;
ღირსი ვარ – თუ რისი, ჩემი გადასაწყვეტი არ არის;
ვჩხუბობ – როცა აგვიანებენ;
ვკარგავ – მოთმინებას;
მშურს – ვისი უნდა მშურდეს?!
ვემალები – სერიოზულ მამაკაცებს და იდეით გულანთებულ პასიონარიებს (ქალებს);
ვემტერები – სეზონური გრიპის ვირუსებს;
მაინტერესებს – როდის გათავისუფლდება რუსეთი იმპერიული ამბიციებისაგან;
არ მაინტერსებს – ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში 2022, 2026 და, კიდევ უფრო ნაკლებად, 2030 წელს;
მახსოვს – სტალინი, ბერია და კაგანოვიჩი;
მრცხვენია – არ გეტყვით;
უარვყოფ – ყველა სახის დოგმატიზმს;
ვავადმყოფობ – აღარ, მას შემდეგ, რაც გრიპის ვაქცინას ვიკეთებ;
ვმალავ – ეროგენულ ზონას;
ვინახავ – საიდუმლოებას. მენდეთ;
მწამს – რომ ქვეყანა ივლის სწორი გზით და ბოლოს მივა დანიშნულების ადგილზე;
მიკვირს – რატომ უნდებათ ადამიანებს, რომ გაწყენინონ;
მიხარია – შვილიშვილების წარმატება;
ვჭორაობ – ოჯახის წევრების ცხოველებზე;
ვდარდობ – იმას, რომ სმენა დამაკლდა;
ვამაყობ – თბილისით. ულამაზესი ქალაქია;
ვაკეთებ – ამჟამად თითქმის არაფერს;
ვეფერები – უფრო კატას. პატარა ნანა არ მაფერებინებს;
მსიამოვნებს – გრილი ნიავი;
მესიზმრება – ცუნამი;
ვეხმარები – აბსოლუტურ იდეას თვითშემეცნების საკითხებში;
ვეწევი – ზომიერად ლიბერალური დემოკრატიის პროპაგანდას;
მწყინს – როცა მთხოვენ დაუკარიო და მერე არ მისმენენ;
ვხარჯავ – მხოლოდ ჩემს ფულს, არ ვსესხულობ;
ვღალატობ – უკვე აღარავის;
ვკამათობ – მხოლოდ შესაფერის პარტნიორებთან;
ვუხეშობ – როცა ურიგოდ უნდათ შემოძრომა;
ვუსმენ – საკუთარი ჰორმონების ჩურჩულს;
ვყოყმანობ – გადაწყვეტილების მიღებამდე;
ვკითხულობ – დაახლოებით 100 გვერდს დღეში;
ვამზადებ – ბოსტნეულის სალათს და სოუს „გელასის“;
ვუყურებ – ქართული ტელევიზიების ახალ ამბებს, BBC-ს და CNN-ს;
ვკლავ – დროს;
ვაფუჭებ – ყველაზე ხშირად კომპიუტერს;
ვცხოვრობ – პეკინის 14-ში;
ვცემ – პატივს ზოგიერთ ისტორიულ ფიგურას;
ვყვირი – აივნიდან;
ვმღერი – სუფრასთან;
ვასრულებ – ყველა დაპირებას;
დავდივარ – ქუჩაში, როცა ამინდი ხელს მიწყობს;
ვმკურნალობ – არაფერს;
ვერიდები – მეტისმეტად პოლიტიზირებულ სუბიექტებს;
ვთამაშობ – სოლიდური მოქალაქის როლს. (არც თუ წარუმატებლად);
ვიტყუები – როგორ გეკადრებათ;
ვეთაყვანები – ნეტავ, ვინ არის ამ ქვეყნად ისეთი, რომ ეთაყვანო;
ვგიჟდები – თეონას გაკეთებულ სოკოს ჟულიენზე, პლიუს ხრაშუნა ტოსტი და ორი დიდი ჭიქა ცივი სოვინიონ ბლანი;
მიყვარს – ახლობლები;
ვოცნებობ – უფრო მაღალი რიგის რეალობასთან კონტაქტზე;
ვფიქრობ – დღე და ღამე;
მძულს – თავხედი, უწესო მძღოლები;
ვნანობ – რომ ვერა და ვერ ვუთხარი ნანას როგორ მიყვარდა;
კმაყოფილი ვარ – რომ არა ტრაგედიები, მთლიანობაში ცხოვრებით;
მენატრება – გაგრა და ლიძავა;
მსურს – სულ უფრო და უფრო ნაკლები რამ. ეს არის ასაკის მთავარი პრობლემა;
ვაგროვებ – ქულებს;
ვიხდი – ბოდიშს;
ვეჭვიანობ – ახლა მხოლოდ სიზმარში;
ვკაიფობ – ღმერთმანი, არ ვკაიფობ;
ვიზიდავ – უმეტესად კარგი გემოვნების მქონე ადამიანებს;
ვალამაზებ – ყველაფერს რასაც კი შევეხები. როგორ მოგწონთ?”