30 აპრილი, 2018

აი, როგორი უნდა იყოს სამუზეუმო კოლექცია!

აი, როგორი უნდა იყოს სამუზეუმო კოლექცია!ხელოვნების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუზეუმია თავისი უნიკალური ექსპონატებით, რომელიც 600-ზე მეტ უნიკალურ ნიმუშს აერთიანებს.

კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელთან დაკავშირებით, მომზადდა სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც საზოგადოებას საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცულ ექსპონატებს აცნობს:

“საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართული ისტორიული, ეთნოგრაფიული, თეატრალური, სასცენო, კინო კოსტიუმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი კოლექცია ინახება. 600 ზე მეტ უნიკალურ ნიმუშს შორის დაცულია საქართველოს მეფე მთავართა, ჩინეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა და ევროპის ცნობილ მანუფაქტურებში დამზადებული ტანსაცმელი. აქვეა წარმოდგენილი ქართული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, იაპონური, რუსული, ჩინური, ჩრდილოეთ კავკასიური ქსოვილის გამორჩეული ნიმუშები, ქართული ტექსტილის ხელნაკეთი ეგზემპლარები და ასე შემდეგ.

კოლექციაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის პეტრე ოცხელის ესკიზების მიხედვით დამზადებული რამდენიმე ძვირფასი კოსტიუმი, სოლიკო ვირსალაძის მიერ შემქნილი კაბები ცეკვებისათვის „სადარბაზო“, „მთიულური“, ქეთოს ცნობილი კაბა ფილმიდან „ქეთო და კოტე“, ქართველ თავადთა ოქრომკედითა და ძვირფასი თველბით გაფორმებული ჩოხა-ახალუხი და ხალათები.

მუზეუმის 12 საგამოფენო დარბაზში ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებთან ერთად ქართული სამეფო და სადედოფლო კოსტიუმების იშვიათი კოლექციაა ექსპონირებული.