Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარი ბექაური: “საქართველო არ არის კულტურის და ხელოვნების ქვეყანა”

20 აპრილი, 2018

მარი ბექაური: "საქართველო არ არის კულტურის და ხელოვნების ქვეყანა"– საქართველო არ არის კულტურის და ხელოვნების ქვეყანა. საქართველო არის ჭამის და ჩაცმის ქვეყანა და ვისაც საპირისპიროსი გჯერათ, ძალიან ვარდისფერია თქვენი ილუზიები, – აცხადებს მწერალი მარი ბექაური:

“დღეს ვინატრე, ნეტა სხვაგან დავბადებულიყავი, ხომ მექნებოდა იმის საშუალება, რომ წიგნებით და სცენარებით მეცხოვრა-მეთქი. იმიტომ ვინატრე, რომ ძალიან კარგი იდეა მაქვს წიგნის, მაგრამ არ მაქვს – დრო.

საქართველოში ასეა – თუ მთლიანად ჩართული ხარ იმ საქმეში, რომელიც გიყვარს, გშია. თუ არადა იდეები იდეებად გრჩება. მესამე ვარიანტი ისაა, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე – ვაკეთებ ორივეს და ეს პირდაპირ ისახება ჩემს ჯანმრთელობაზე.

მაგალითად, შარშან თან ვმუშაობდი, თან სცენარს ვწერდი და 6 თვის მანძილზე ღამეში მხოლოდ 3 საათი მეძინა. 49 კგ-ს ვიწონიდი (171 ვარ სიმაღლეში) და ყველა ნეკნი და ძვალი მეტყობოდა. საბოლოოდ ეს იმით დასრულდა, რომ კრიზი დამემართა და 8 საათი ვერ მირეგულირებდნენ წნევას.

ამის მიუხედავად, როცა ამ ზამთარს „ანატორის“ წერა დავიწყეთ, ისევ იგივე გავიმეორე. რა დამავიწყებს, ჩემს დაბადების დღეზე, ღამის 4 საათზე რო ავდექი საწერად, საკუთარ თავს ვეჩხუბე, შენი დაბადების დღეა, დღეს მაინც მიეცი თავს დაძინების უფლება-მეთქი, მაგრამ დავჯექი და ვწერდი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს არ გაქვს სხვა გამოსავალი და იმიტომ არ გაქვს, რომ შემოქმედებითი შრომა ღირს – 0…

აი, 2 წლის წინ მოვიგე 1 არხის კონკურსი, 4 თვე ტვინი ჩავასხით სერიალის დაწერას, რადგან ეს იყო ძალიან ღირებული და საპასუხისმგებლო პროექტი, მაგრამ შეიცვალა ხელმძღვანელობა და გვითხრეს, რომ ეს პროექტი არ სჭირდებათ, მავანმა ადამიანებმა უარყვეს ჩვენთან შეთანხმება, არ გადაგვიხადეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს.

აი, ცოტა ხნის მერე შემომთავაზეს პროექტი ჩვენი ქვეყნის სტანდარტებისთვის წარმოუდგენლად მაღალი ანაზღაურებით, მაგრამ იმ პროექტზე მუშაობა ნიშნავდა, გადამებიჯებინა ჩემი პრინციპების და ღირებულებებისთვის და ვერ დავთანხმდი, იმიტო რო უბრალოდ არ შემიძლია ასე მოვიქცე.

ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ მარტო მე არ ვარ ასე, ყველა ასეა, ვისთვისაც კინო, ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება ცხოვრების საქმეა. ახალგაზრდა თაობაში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი მწერალი თუ მსახიობია, ისეთი ნიჭიერები, რომ გამოშტერდები, მაგრამ ზუსტად ვიცი, ისე დაახრჩობს ეს ქვეყანა ამ ადამიანებს, რომ თავისი შესაძლებლობების მეათედს ვერ გამოავლენენ.

ჰოდა, საქართველო არ არის კულტურის და ხელოვნების ქვეყანა. საქართველო არის ჭამის და ჩაცმის ქვეყანა და ვისაც საპირისპიროსი გჯერათ, ძალიან ვარდისფერია თქვენი ილუზიები.