Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იპოლიტე ხვიჩია – უდიდესი კომიკოსი თუ უდიდესი ტრაგიკოსი?!

24 აპრილი, 2018

იპოლიტე ხვიჩია - უდიდესი კომიკოსი თუ უდიდესი ტრაგიკოსი?!– იპოლიტე საშიში პარტნიორი იყო. ყოველ სპექტაკლში რაღაც ახალ იმპროვიზაციას შემოგთავაზებდა, თუ ყოჩაღად არ იქნებოდი, შეიძლება ჩაფლავებულიყავი კიდეც, – ასე ახასიათებდნენ კოლეგები მსახიობ იპოლიტე ხვიჩიას.

მისმა შვილმა ნუნუ ხვიჩიამ გამოსცა სპეციალური ბროშურა “მონოგრაფია მამაზე”, სადაც თეატრმცოდნეები, მსახიობები და რეჟისორები იპოლიტე ხვიჩიაზე საუბრობდნენ.

ნანა მჭედლიძე, რეჟისორი:

“პირველ მერცხალს” რომ ვიღებდით, იპოლიტე ხვიჩიასა და დოდო აბაშიძეზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული, მაგრამ ბატონ იპოლიტეს პირობა ჰქონდა ჩემთვის მოცემული, რომ გადაღების პერიოდში წვეთ ღვინოს არ დალევდა. ერთხელ დოდომ და იპოლიტემ ფოთის სასტუმროს აივანზე გამომიყვანეს და სასტუმროს ტერიტორიაზე მათზე მონადირე სიბნელეში სხვადასხვა ადგილებზე განლაგებულ მოძალადეებს ასე მიმართეს: დიდი სიამოვნებით გეახლებოდით, მაგრამ ამ ქალბატონს დავპირდით, რომ გადაღების პერიოდში ღვინო არ დავლიოთ… უნდა ითქვას, რომ მათ პირნათლად შეასრულეს ეს პირობა.

რეზო ჩხეიძე, რეჟისორი:

“ბატონი იპოლიტე მოვლენა იყო, როგორც მსახიობი და, განსაკუთრებით კი, როგორც მსახიობი-კომედიოგრაფი. მისი მადლი ქართულ კინოში ძალიან დიდია. ეს მთელი ეტაპია ქართული კინოსი.”

მედეა ჩახავა, მსახიობი:

“გადაღების მოედანზე ისეთი ამბავი ტყდებოდა, როცა ბატონი იპოლიტე გამოჩნდებოდა, ისეთი ღრიანცელი, ტაში, შეძახილები, რომ ზოგჯერ გადაღების საშუალებაც არ იყო. იგი უნიკალური მსახიობი და არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ: მომთმენი, პატიოსანი, უზომოდ ნიჭიერი, უცნაურად სევდიანი, რბილი, თბილი, ამაყი, და თავმდაბალი.”

მარინე თბილელი, მსახიობი:

“იპოლიტესთან ბევრი როლი მითამაშია. ის იყო საოცარი პარტნიორი, კარგი მეგობარი; ჩვენ, გარდა სცენისა და ეკრანისა, ოჯახებითაც ვმეგობრობდით და ეს მეგობრობა ჩვენი ნაცნობობის საუკეთესო შენაძენად მიმაჩნია… მე მაინც მგონია, რომ კიდევ მეტის შექმნა შეეძლო იპოლიტეს. ალბათ, ვერ მივხედეთ, როგორც საჭირო იყო.”

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი:

“იპოლიტე ხვიჩია იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც უკვე კონკრეტულიდან განზოგადებულ ნიღაბამდეც კი მივიდნენ.
ბედნიერია ის ქვეყანა, ვისაც ჰყავს ჩარლი ჩაპლინი…. და მარტო ის ქვეყანა? ჩარლი მსოფლიოს კომიზმის აღიარებაა…. მე არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ იპოლიტე ხვიჩია თავისი შემოქმედებით ამშვენებს მსოფლიოს კომედიის ვირტუოზ შემსრულებელთა პლეადას.”

ვასილ კიკნაძე, თეატმრცოდნე:

“ასეთი ნიჭის პატრონი საზღვარგარეთ მილიონერი იქნებოდა, მაგრამ ის ქართველი იყო და იზიარებდა თავისი ხალხის ბედს.”

ლევან სანიკიძე, ისტორიკოსი:

“მისი დავიწყება კი არა, ხსოვნის ოდნავ განელებაც წარმოუდგენელია. ხოლო ამას სხვანაირად სამსახიობო ხელოვნების უკვდავება ჰქვია. დიდება მის სულს, მარად წარუშლელ დიდ ხელოვნებას, მის კეთილ ოჯახიშვილობას, მამულიშვილურ ღვაწლმოსილებას.”

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი, მსახიობი:

“იპოლიტე იყო უდიდესი მსახიობი, უდიდესი კომიკოსი თუ უდიდესი ტრაგიკოსი – ეს კიდევ საკითხავია. ის არის საქართველოს ნაციონალური იპოლიტე ხვიჩია – ასე მოვიხსენიებ მე უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით.”

ოთარ მეღვინეთუხუცესი, მსახიობი:

“ბუნებამ უხვად დააბერტყა უზარმაზარი იუმორი, მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ხიბლი, უდიდესი ფანტაზია და დაუჯერებელი, აბსურდული სცენების გამართლების უნარი.”