Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათო ტურაშვილი: “მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია”

21 აპრილი, 2018

დათო ტურაშვილი: "მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია"“აღარ ახსოვთ, როგორ დაატარებდნენ პარადებზე ლენინის პორტრეტებს დღისით და როგორ წერდნენ ღამ-ღამობით ანონიმურ წერილებს მეზობლებსა და ახლობლებზე,” – მწერალი დათო ტურაშვილი თავის ნაწარმოებში “იყო და არა იყო რა” საბჭოთა საქართველოს ცხოვრებაზე მოგვითხრობს:

“სამწუხაროდ, ზოგიერთები დღესაც მისტირიან საბჭოთა საქართველოს, როცა და სადაც კარგი ყველი მხოლოდ სამ მანეთამდე ღირდა (და აღარ ახსოვთ, რომ მხოლოდ ორმანეთიანი იყიდებოდა), თბილისი-მოსკოვის რეისზე თვითმფრინავის ბილეთი 37 მანეთი ჯდებოდა (აღარ ახსოვთ, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი ბილეთს ვერ იშოვიდა), სასტუმრო ერთი ღამით ხუთი მანეთი არც უჯდებოდა ერთ კაცს (და აღარ ახსოვთ, შიგ რომ არ უშვებდნენ)…

მათ აღარ ახსოვთ, რომ საკუთარ მანქანებს (შიშისაგან) სიდედრების სახელზე აფორმებდნენ, ფულს მიწასა თუ მუთაქებში მალავდნენ და წლიდან წლამდე სუხიშვილების გასტროლებს ელოდებოდნენ – იქნებ ჯინსებიც ჩამოიტანონო;

აღარ ახსოვთ, როგორ დაატარებდნენ პარადებზე ლენინის პორტრეტებს დღისით და როგორ წერდნენ ღამ-ღამობით ანონიმურ წერილებს მეზობლებსა და ახლობლებზე, აღარ ახსოვთ ყრილობებზე როგორი მონდომებით უკრავდნენ ტაშს ყველანაირ სისულელეს და როგორ აჭერინებდნენ ერთმანეთს, თუნდაც ანეგდოტების გამო, განსხვავებული აზრის გამო, სიტყვის გამო, ფიქრის გამო.

აღარ ახსოვთ, როგორ ადებილებდნენ მოსახლეობას კომუნიზმის მოლოდინში და ცხვრებივით მიერეკებოდნენ საარჩევნო სპექტაკლებზე.

შეიძლება, სწორედ რომ ახსოვთ მონობა, რომელსაც საშინელი თვისება აქვს და მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია. ურჩევნია იყოს მონა, ხელისუფლებამ ის ყბადაღებული 120 მანეთი უხადოს ყოველთვიურად და იყოს ჩუმად. იყოს ჩუმად და არ იაზროვნოს, თუნდაც არაფრის გამო მიიღოს ხელფასი, თუნდაც მინიმალური და არ იფიქროს თავისუფლებაზე. იმ თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობაა უპირველესად და მონები უბრალოდ გაურბიან მას, უბრალოდ, არჩევენ ბელადს ან პრეზიდენტს, რომელიც მათ ნაცვლად იაზროვნებს და ისინი ცხვრებივით მიყვებიან უკან.”