Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანა კალანდაძის და ზვიად გამსახურდიას უცნობი ისტორია

20 აპრილი, 2018

ანა კალანდაძის და ზვიად გამსახურდიას უცნობი ისტორიაზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია მამის შესახებ უცნობ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც პოეტ ანა კალანდაძესთან არის დაკავშირებული.

კონსტანტინე გამსახურდია:

“გამოვიდა ახალი წიგნი – 79 ამბავი ზვიად გამსახურდიაზე. იგი დაბეჭდა გამომცემლობა არტანუჯმა. ეს ამბები სხვადასხვა ადამიანთა მიერაა მოთხრობილი. თავად მე 8 ამბის ავტორი ვარ.

მინდა გაგაცნოთ მაკა ჯოხაძის მიერ ჩაწერილი მოგონება ანა კალანდაძისა და ზვიად გამსახურდიას ერთ შეხვედრაზე.

ოღონდ შესავალის სახით მათთვის, ვინც შესაძლოა არ იცოდეს – 1977 წელს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ზვიად გამსახურდია გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. მაშინ ანა კალანდაძეს იძულებით მოუწია ამ საშინელ ოქმზე ხელის მოწერა. არადა ის ჩემი ნათლია იყო…. ზვიად გამსახურდია 1979 წლის მიწურულს დაბრუნდა თბილისში კოჩუბეის გადასახლებიდან. მოგონებაში ვკითხულობთ:

“ანა მოულოდნელად იწყებს გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვის თაობაზე საუბარს, რომ ჩემთვის ვფიქრობ, ალბათ ისევ დაიბეჭდა მასალები და სიები.
– მაკა, ჩვენ ნათელმირონობა გვაკავშირებს.
სუნთქვა შემეკრა.
– ვიცი, ქალბატონო ანა.
– ჰო და, იმ უბედური დღის მერე აღარც მინახავს ეს ბიჭი. მერე გადაასახლეს….. დრო ხომ იცი, როგორ გარბის…. ერთხელ მივდივარ რუსთაველზე. ძეგლები რომ იდგა მთავრობის სახლის წინ, ზუსტად იმ ადგილზე, და ვხედავ მოდის ზვიადი პირდაპირ ჩემსკენ….. რომც გინდოდეს, გვერდს ვერ აუქცევ….. ვფიქრობ, რა ვქნა, რით დავიწყო… (მომეჩვენა, რომ სახეზე ალმურმა გადაჰკრა ანას).
მომიახლოვდა….
ზვიად….. იცი, ზვიად, – და არ ვიცი რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა გამოვხატო ჩემი მაშინდელი თუ ამწუთიერი განცდები. და არ მაცლის. ჩამიხუტა, მიმიკრა მკერდზე, მომიჭირა ხელები და მეუბნება:
– ქალბატონო ანა, რკინის მკვნეტელ კაცებს ტეხდნენ კომუნისტები…. არ იფიქროთ მაგაზე, არ ყოფილა, ეგ არაფერია, არ იფიქროთ მაგაზე.
მერე ანამ რაღაცნაირი, ჩამშვიდებული ხმით დაამატა:
– მე ასე იოლად არ ვტირი, მასთან მაინც შევიკავე თავი, მოვედი სახლში და ვიტირე.
უცებ ჩემი სულსწრაფობით თუ ემოციური დაძაბულობით თითქმის ვემუდარები:
– ეს არ უნდა დაწეროთ? ქალბატონო ანა, დაწერეთ რა, დაწერეთ, რაც ახლა მომიყევით…..
ჩუმადაა. არაფერს ამბობს. ჩემთვის ვფიქრობ, ის მაინც თქვას, რომ ჯერ არ დაწერს, ჯერ დრო არაა.
ანა ისევ ჩუმადაა.
არაფერს ამბობს.” (მაკა ჯოხაძე)

მოკლედ, ღირს ამ წიგნის წაკითხვა.”