10 აპრილი, 2018

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “დრო არ იცდის, ეროვნული საუნჯე ნადგურდება!”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: "დრო არ იცდის, ეროვნული საუნჯე ნადგურდება!"– მრავალი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა, ან დაზიანდა არა მხოლოდ უახლოეს თუ შორეულ წარსულში, არამედ, ეს საშინელი პროცესი ახლაც მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“წლებია (ფაქტობრივად, ღრმა ბავშვობიდან) ვსწავლობ, ვაკვირდები, ვკითხულობ საქართველოს ისტორიის, არქიტეტურის და კულტურის ძეგლების შესახებ მასალებს, სამეცნიერო, თუ საცნობარო ლიტერატურას, ვეცნობი ძეგლებს და ფოტოფიქსაციას ვეწევი აქტიურად, სპეციალისტებისთვის უცნობი ქართული ძეგლებიც კი მინახავს/აღმომიჩენია საზღვარგარეთ, სოციალურ ქსელშიც აქტიურად ვდებ ამ მიმართულებით საგანმანათებლო და საცნობარო მასალებს და თვალნათლივ ვხედავ და მაწუხებს, ის უმძიმესი მდგომარეობა, რაც ამ მხრივ არსებობს საქართველოში.

მრავალი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა, ან დაზიანდა არა მხოლოდ უახლოეს თუ შორეულ წარსულში, არამედ, ეს საშინელი პროცესი ახლაც მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ.
მრავალი ეკლესია-მონასტერი, ციხე-სიმაგრე, საცხოვრებელი ნაგებობა არაპროფესიოლური/კუსტარული სამუშაოებით და ჩარევებით, ზოგ შემთხვევაში კი დაბალკვალიფიციური რესტავრაციით ზიანდება და ნადგურდება.

ეს ეხება როგორც არტეფაქტებს (ფრესკა, იატაკი, კანკელი, წმ. ტრაპეზი, ფასადები, ორნამენტები, სახურავი, ინტერიერის მოწყობა და გაფორმება და ა.შ.) ისე ძეგლის იერსახეს, ისტორიულ გარემოს და განაშენიანებას. არაერთ შემთხვევებში საფლავებსაც არ მოერიდნენ და გაანადგურეს, ადგილი უცვალეს საფლავის ქვებს. განახლების ტალღამ მამაპაპათა საუკუნოვან დანატოვარს ბევრგან უხეშად უცვალა იერსახე, გემოვნება, სტილი-ლაზათი, ბუნებასთან და ლანდშაფტთან ჰარმონიული კავშირი.

ის, რაც ხელიხელ საგოგმანები და მოსაფრთხილებელი უნდა ყოფილიყო, კვალიფიციურ სპეციალისტთა ჩართულობით უნდა გაკეთებულიყო, უვიცთა და დაუდევართა ხელმა წაშალა და დააზიანა.

თანამოქალაქეთა სოლიდური ნაწილის აზროვნება ამ კუთხით არის ნულს ქვემოთ. ამიტომ სახელმწიფომ (კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაის დაცვის სააგენტომ), ასევე მასმედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანია უნდა წამოიწყონ ამ კუთხით- მოქალაქეებში შეგნების ამაღლება კულტურული მემკვდრეობის და სიძველეთა დაცვისთვის.

დრო არ იცდის, ეროვნული საუნჯე ნადგურდება!”