21 მარტი, 2018

ნიკო გომელაური: “თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი, ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი”

ნიკო გომელაური იყო მსახიობი, რომელმაც თავისი მაყურებელი პოეზიის ტრფიალად აქცია. მისი ლექსები საოცრად თანამედროვეა და რაც დრო გადის კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

მისი ერთ-ერთი ლექსი “ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი” დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ზუსტად ესადაგება.

“ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი,
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
შენში – შიგნით აიშენე ტაძარი,
გაუფრთხილდი, არ გაუჩნდეს ხანძარი.
ძმას თუ შია – ვერ იქნები მაძღარი,
ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი.
ზოგს აცვია, სხვისი ქურქი ნახმარი.
იმარხულოს, ოღონდ ნუა ახვარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
იმარხულე და დაანთე სანთელი,
მაგრამ კაცის თუ აღმოჩნდი გამთელი,
როგორც არ უნდა იყო ჯანმრთელი
– ბნელში წახვალ, დაივიწყე ნათელი.
ერთსაც განდობთ, მე სიცრუეს არ ვიტყვი,
ღვთისმსახურის საყვედური დავირტყი.
რა მოხდა, რომ ვერ გავიგე საკითხი?
ამიხსენით, ხომ ხართ ხალხი ნაკითხი:
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
– ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?!”