14 მარტი, 2018

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი: “ხელიდან გვეცლება უნიკალური შედევრები!”

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი– ყოველი დღე იფურცლება, გადის დრო და ამასობაში ხელიდან გვეცლება უნიკალური შედევრები! – აცხადებს ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი და ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვისაც საქართველოს პანტომიმის თეატრისთვის თუნდაც მცირედი სიკეთის გაკეთება შეუძლია:

“მე არ ვიცი, დღეს ვინ რა ტკივილით დადის, მე არ ვიცი, ვინ რითი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ერთი რამ მართლა ვიცი, რომ ამ ადამიანმა უმძიმესი გზა გაიარა, როდესაც მას თეატრი დაუწვეს, დაუნახშირეს მისი 27 წლის ნაშრომი! როდესაც ბრალდებებს უყენებდნენ სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც არ ვახსენებ, რადგან ამით მათ რეკლამას არ გავუკეთებ!

მან 4 შვილი გაზარდა და რა ტკივილი გაიარა ამ პერიოდში ახლა ვხვდები, როდესა პირადად მე უმძიმესი დაავადება მჭირდა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოჰქონდა წამლები ჩემს დედიკოს და მას, ვინც ეს უდიდესი ეპოქა შექმნა!

მაიმუნობად და კლოუნადად ქცეული ხელოვნება ჟანრად აქცია და ქვეყანას დაუმკვიდრა! ეს ცოტაა? ცოტაა ის, რომ ქართულ პოემებს ასე დგამს! ბოლო ნამუშევარი რომ ავიღოთ – „ვეფხისტყაოსანი“ – ეს ხომ შედევრია, ქართულ თეატრს გაუჭირდა ამის აღიარება!

ქვეყანაში ფაკულტეტი დაარსა და ამის გაქრობას ცდილობენ, ეს სად ვცხოვრობთ! მერე რა, რომ ძველია? ჩვენ ხომ შევქმენით თანამედროვეობა და ეს სიძველე ხომ ჩვენი სიმდიდრეა? მოდი, გადავყაროთ ყველაფერი ძველი და ამით რას მივიღებთ? ყველაფერი ბრუნდება სხვა ფორმით! რაც არ უნდა სახელი უცვალონ შალიკაშვილის შექმნილ ეპოქას, მაინც თავის სიძლიერეს დატოვებს! ახლა უკვე ბოლომდე დავრწმუნდი მის სიძლიერეში და ვიგრძენი მისი საშინელი გავლილი ცხოვრება…

ღმერთმა ასეთ ადგილას გამაჩინა და მზად ვარ ავიღო სრული პასუხისმგებლობა და ვატარო ტვირთი ბოლომდე! შალიკაშვილის შექმნილი საოცრება ჩემი სოცოცხლის დიდი ნაწილი გახდა და მე ერის წინაშე მოვალე ვარ დავიდგა გვირგვინი ეკლიანი და ვატარო მთელი ცხოვრება!

ჩემს წმინდა ოჯახს ვლოცავ მისი განვლილი გზით და მინდა ვუსუსრვო, პირველ რიგში, ჯანმრთელობა. ვუსურვებ ჯამრთელობას ჩემს შვილებს, ჩემს დარჩენილ ძმებს, მშობლებს, ძმისშვილებს, ყველა ოჯახის წევრს! მინდა ქვეყნის ყველა ჩვენს თაყვანისმცემელს დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ, ბედნიერ, ლამაზ, გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრებას მოვესწრებოდეთ ყოველი ამ ქვეყნის მაცხოვრებელი!

დღეს იმედი მაქვს იმისა, რომ უნიკალური თეატრი აშენდება და გაიგებს ხალხი, რომ ეს სკოლა სასწრაფოდ მისახედია! ამ ყველაფერს დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან აქ ჩვენმა შვილებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ, აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უნდა მოვაწყოთ ყოველი კუთხე, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, ამ უნიკალური ხელოვნებით მიიღონ განათლება, ამიტომ შენობა ადაპტირებული უნდა იყოს და ხელმისაწვდომი ყველასათვის! ძალიან მალე უნდა დავიწყოთ მშენებლობა, ამიტომ მივმართავ ყველას ვინც მოვალეა ამ თეატრის აღორძინებისთვის, დავიწყოთ სასწრაფოდ!

ჩვენ მსახიობები, დირექტორი თუ სხვა თეატრის წევრები ყველა მოვალეები ვართ ამ თეატრის აღორძინებისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ! ახლა დროა ჩაერთოს ბოლომდე მერია, კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ყველა სტრუქტურა, ასევე ბიზნესმენები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანონ!

არ ინანებთ, პირიქით, ისტორიაში ჩაეწერებით ერთი კეთილი საქმის გაკეთებისთვის! ყოველი დღე იფურცლება, გადის დრო და ამასობაში ხელიდან გვეცლება უნიკალური შედევრები! შალიკაშვილი 79 წლის ხდება და მის სიცოცხლეში უნდა გაიჭრას ლენტი და დაიწყოს თეატრის მეორე ნახევარი საუკუნის სიცოცხლე! მე არ მოვეშვები ამის შესრულებას და საზოგადოების, მაყურებლის წინაშე ვდებ პირობას, რომ ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს და წერტილთან ერთად მრავალ წერტილს დავუსვამ ამ თეატრის ისტორიას, რომ მომავალი თაობებისთვის იყოს უნიკალური შესაძლებლობა დიდი ქართველი მწერლების შესწავლა უსიტყვოდ!

მსოფლიოს ეს სჭირდება, დღეს მსოფლიოს განვითარების გზაზე სავიზიტო ბარათი ესაა და ამით უნდა ვიამაყოთ ქართველმა ხალხმა! მინდა ბოლოს ყველას მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ყველა ამ თეატრში მოღვაწე ადამიანებს მინდა ჩაგეხუტოთ დიდი სიყვარულით და იცოდეთ, მე თქვენ გაფასებთ და თქვენი წვლილი დიდია ამ თეატრის სიცოცხლისათვის!

22 მარტს ამირან შალიკაშვილის და მარსელ მარსოს დაბადების დღეს, მარსელი ცოცხალი აღარაა და შალიკაშვილი აქ არის, სერბეთში 14 ქვეყანას ვხვდებით და საქართველოს პლასტიკის საიდუმლოს გავაცნობთ, ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას და ჩამოვიტანთ უკვე საერთაშორისო ცენტრის დამოწმებულ ლიცენზიას! თუ ეს ბოლომდე წაიკითხე, მაშინ მიიღე ახლავე გადაწყვეტილება თეატრის აშენების და დავიწყოთ ერთად შექმნა მომავლის!

ჩვენ ვაშენებთ თეატრს!”