27 მარტი, 2018

ნოდარ დუმბაძე სამშობლოზე

ნოდარ დუმბაძე: "რა არის სამშობლო?"– სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ, – ამბობდა მწერალი ნოდარ დუმბაძე.

კითხვაზე “რა არის სამშობლო?” ნოდარ დუმბაძე ასე პასუხობდა:

***

– დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
– სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და…
– კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, – დაჯექი დუმბაძე, – მითხრა მასწავლებელმა პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე.

***

დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. საზღვრის წინა ხაზზე ვიდექით მე და ჩემი ხელქვეითი ჯარისკაცი. სულ პატარა ღელე და ხიდი გვყოფდა მოპირდაპირე ქვეყნიდან.
– აი, შენ კარაბინით რომ დგახარ აქ და ამხელა ქვეყანას რომ დარაჯობ, რა შეგრძნება გაქვს, რას ფიქრობ, ან თუ იცი საერთოდ, რა არის სამშობლო?! – ვკითხე უცებ ჯარისკაცს, – ოღონდ, თუ კაცი ხარ, არ გამცე დაშტამპული, მაღალფარდოვანი, გაცვეთილი და ყალბი პასუხი. გულწრფელად თქვი ის, რასაც ფიქრობ! – ვთხოვე მე. მან დიდხანს უყურა გაღმა ნაპირს, მერე მომიბრუნდა და ხმადაბლა მითხრა:
– რა ბედნიერებაა, ამხანაგო ლეიტენანტო, მე და თქვენ რომ ამ ხიდს გამოღმა დავიბადეთ.

***

სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ.

***

იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვიდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო. თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.

***

კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.

***

კიდევ?
კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

***

– იქნებ, შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო? – ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.
– მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა… სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ყველა კაცი ამ ქვეყნიდან სიცოცხლით გაუმაძღარი, – მიპასუხებს იგი.