17 მარტი, 2018

იოსებ იმედაშვილი: “შენ ჩემობის დრო აღარ არის”

იოსებ იმედაშვილი– უდიდესი განცდის ჟამია! ამას ყველა შეგნებული ადამიანი უნდა ჰგრძნობდეს და უზადო რწმენით ემსახურებოდეს ჩვენის ქვეყნის დაცვას აღყვავებას, წინსვლას! – სწორედ ასე წერდა საუკუნის წინ ქართველი მწერალი იოსებ იმედაშვილი.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია მწერლის ჩანაწერს “ჟამი განცდისა” აქვეყნებს და დასძენს, რომ 100 წლის წინ ნათქვამი, საოცრად ჰგავს დღევანდელ რეალობას:

“ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფიაო, ჩვენზეა ნათქვამი.

ჩვენი სამშობლოს თავისუფლება საქართველოს მუშა მშრომელი ხალხის თვითმოქმედება, წოდებრიობის მოსპობა, მიწა-მამულის გლეხებზე განაწილება, მწერლობის მტერთა ბრჭყალებიდან განთავისუფლება და სამშობლო ხელოვნების ეროვნულ ნიადაგზე შედგომა -აი ვარდი ჩვენი გულისა…

ყველა ამისთვის რომ გარეშე მტერნი და შინაური უცხო ტომის მტერ-მოყვარენი გამძაფრებით გვებრძვიან, – ეს არ გვიკვირს, – გასაოცარი და სამწუხარო ისაა, რომ თვით ჩვენში – ქართველებში ჯერაც კიდევ ბევრია ისეთი, რომელიც ამ ვარდს ირგვლივ ეკლებს კი არ აცლის არამედ თვითვე ჰმოსავს ეკლებით. ვერ იქმნა და ისტორიის გაკვეთილები ჯერაც ვერ შევისწავლეთ რომ შეცდომები არ გავიმეოროთ: წინად თუ კუთხურ-წოდებრივი სიბეცე გვღუპავდა, დღეს პარტიულ-ჯგუფური ლიბრი თვალიდან ვერ მოგვიშორებია.

ის როდი კმარა, ქართველი ვარო, ვიძახოთ, ან ამა თუ იმ პარტიის წევრიო და პარტიული შურისგებლობით ქვეყნის სასარგებლო მუშაკებს გზა ავუქციოთ, არამედ ისა, რომ საუკეთესო მართვა-გამგეობით შინაურსა და შორით მაყურებლსაც თავი შევაყვაროთ. …პარტიული ჟინიანობით კი ბევრ ჩვენ საზოგადო საქვეყნო დაწესებულებაში ან საკუთარი უვიცი კაცი გვიზის, ან უცხო ტომელი – ეკალი ჩვენი ვარდისა!…

უდიდესი განცდის ჟამია! ამას ყველა შეგნებული ადამიანი უნდა ჰგრძნობდეს და უზადო რწმენით ემსახურებოდეს ჩვენის ქვეყნის დაცვას აღყვავებას, წინსვლას!

შენ ჩემობის დრო აღარ არის: საქართველოს ყველა ერთგულ შვილს, დემოკრატიის ნამდვილ წევრს, როგორც წინადაც მითქვამს, ასი თვალის, ასი ყურის გამობმა ჰმართებს ჩვენის თავისუფლების სადარაჯოდ, ამდენივე ხელი ამ თავისუფლების დასაცავად და განსამტკიცებლად.”