თბილისში, ორბელიანის მოედნიდან იუსტიციის სახლის საფეხმავლო ხიდისკენ მიმავალ ქუჩაზე თავადი ორბელიანის კოშკი დგას. ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია. ბზარები მთელ ნაგებობაზეა და დროულ მიხედვას საჭიროებს.
ინფორმაციას კოშკის მძიმე მდგომარეობის შესახებ ლადო მირიანაშვილი ავრცელებს:
“ეს არის ორბელიანის (ყოფილი კოლმეურნეობის) მოედნიდან იუსტიციის სახლის საფეხმავლო ხიდისკენ მიმავალ ქუჩაზე აღმართული თავადი ორბელიანის კოშკი.
კოშკი 1930 წლისთვის უკვე სანახევროდ დანგრეული იყო. ის 1970-იანი წლების ბოლოს განხორციელებული, ძველი თბილისის რეაბილიტაციის დროს აღუდგენიათ.
დღეს კოშკი კვლავ დანგრევის პირასაა. ფოტოზე კარგად ჩანს ნაპრალების ქსელი, რომელიც კოშკის ფუძიდან იწყება და კედელს ბოლომდე აჰყვება.
მართალია, ორბელიანის კოშკის 2/3 ნაწილი XX საუკუნის შემოქმედებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის კვლავ რჩება ჩვენი არცთუ ძალიან შორეული წარსულის ნიშანსვეტად, რომელიც ორბელიანების მამულებთან დაკავშირებულ ისტორიულ მეხსიერებას აცოცხლებს: უბნის ისტორია არა მხოლოდ ზეპირი გადმოცემის წყალობით, არამედ ამ კონკრეტული მატერიალური ნაშთის მეშვეობით ხელშესახები ხდება. ორბელიანის კოშკის შენარჩუნება აუცილებელია.”