4 მარტი, 2018

ვაჟა ფშაველა: “დიდება უფლის სახელსა, რა კარგი რამე მომხდარა!”

ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა ქართულ ლიტერატურაში ბუნების ყველაზე დიდი ქომაგი იყო. მისი ლექსები, პოემები თუ მოთხრობები მკითხველს ყველაზე ზუსტად და დეტალურად აცნობს ბუნებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

“არტინფო” გთავაზობთ ვაჟა ფშაველას ლექსს, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებას ყველაზე ლამაზად აღწერს:

“ყინვისგან შეწუხებულმა
ვნახე, ზამთარი კვდებოდა;
ლეღმა-ნაკრავი ყინული
მდინარეებზე ტყდებოდა;
ბატი, წერო და ყარყატი
მათ ნაპირებზე სხდებოდა
და გაზაფხული ზლაზნვითა
სამარიდანა დგებოდა,
ტანით სუდარას იხდიდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა.
ეუწყა განგების ძალსა
მთისა, ბარისა, ტყისადა:
,,გამოიჩინეთ ყველამა
უნარი გახლავთ რისაცა,
ბრძანება არი უფლისა,
აყვავდეს ქვა და ქვიშაცა!”
მიწის გულ-მკერდში ჩახუტულთ
თავი ამოყვეს იათა,
სამოთხის ფერი დაიდვეს
არე-მარეთა, ტყიანთა;
დიდი გამართეს ზეიმი
მწერთა, ოთხ-ფეხთ და ფრთიანთა.
სიცოცხლე სცოცხლობს ყოველგან,
სიკვდილი არ სჩანს, მომკვდარა,
ჟუჟუნა წვიმამ დაუშო,
მთიდან ზვავები მომსქდარა
გუნდი და გუნდი ყვავილთა
მიწის გულმკერდზე მომსხდარა;
ნაშენი ცხვრის და ძროხისა
ფარებად კარზე მომდგარა –
დიდება უფლის სახელსა,
რა კარგი რამე მომხდარა!”